პუბლიკაციები
აფხაზეთი და რუსეთი საბაჟო შემოწმების შედეგების ურთიერთაღიარებაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთი და რუსეთი საბაჟო შემოწმების შედეგების ურთიერთაღიარებაზე შეთანხმდნენ. ვარაუდობენ, რომ ეს მდინარე ფსოუზე მდებარე საზღვარზე ტვირთების გადაადგილებას დააჩქარებს. შეთანხმების მომზადებას ოთხ წელზე მეტი დასჭირდა — შესაბამის ოქმს რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა და აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტმა 25 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას საბაჟო კონტროლის შედეგების შესახებ: თუ ერთ-ერთმა მხარემ ტვირთი ან სატრანსპორტო საშუალება უკვე შეამოწმა, მეორე მხარეს შეეძლება გამოიყენოს ეს მონაცემები და განმეორებითი შემოწმება აღარ ჩაატაროს.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთარ ხეციამ განაცხადა, ახალი მექანიზმი გამტარუნარიანობას გაზრდის და გამშვებ პუნქტებზე რიგებს შეამცირებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკურორტო და ციტრუსის სეზონებზე, როდესაც ტვირთბრუნვა და მგზავრთა ნაკადი მკვეთრად იზრდება.