პოლიტიკა
ირანის ელჩის განცხადებას ქეთევან დედოფლის შესახებ საქართველოში მწვავე კრიტიკა მოჰყვა

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ ქეთევან დედოფლის შესახებ საკუთარი კვლევის გამოქვეყნება დააანონსა. მისმა მინიშნებამ ისტორიის „ხელახალ გააზრებასა“ და „განსხვავებულ ვერსიებზე“ ქართველი ისტორიკოსებისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

მოჯანიმ, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულებაა პროეცირებული, და აღნიშნა, რომ საკითხზე საკუთარ ხედვას მალე გამოაქვეყნებს. საქართველოში დედოფალ ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრული (რომელიც 1624 წელს შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით ქრისტიანობის უარყოფაზე უარის გამო წამებით მოკლეს) უდავო ისტორიულ ფაქტად არის მიჩნეული, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია მას წმინდანად აღიარებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს მოუწოდა, დარჩეს დიპლომატიური პროტოკოლის ჩარჩოებში და თავი შეიკავოს ისტორიული წიაღსვლებისგან. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განიხილავს. ირანელი დიპლომატის განცხადებას ასევე გამოეხმაურნენ დეპუტატები ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური და აღნიშნეს, რომ საქართველოს ისტორიის გადაწერასა და დამახინჯებას ვერავინ შეძლებს.