აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“ კონსულტაციებს იწყებს

12saarCevnoთბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც  „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან საარჩევნო კოდექსის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, თავისუფალი არჩევნები წარმოადგენს ხელისუფლების შეცვლის პრიორიტეტულ გზას. როგორც საზოგადოებისთვის უკვე აშკარაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე საარჩევნო მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი უშედეგოდ დასრულდა.

„ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, პარლამენტში 50.000 ამომრჩევლის ინიციატივით შევიტანეთ ალტერნატიული საარჩევნო კოდექსის პროექტი. ხელმოწერები შესრულებულ იქნა კანონით დადგენილი წესით და დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ, შესაბამისად, კანონპროექტი უკვე მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ განსახილველად. რეალურად დღეისათვის პარლამენტში წარდგენილია საარჩევნო კოდექსის 2 ვარიანტი – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ პროექტები, რაც პირველი პრეცედენტია იმის შემდეგ, რაც ალტერნატიული საარჩევნო კოდექსი პარლამენტში წარადგინა 1990 წელს ზვიად გამსახურდიას „მრგვალმა მაგიდამ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“კანონპროექტი ითვალისწინებს დეპუტატთა რაოდენობის შენარჩუნებას 150-მდე და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნას; ამომრჩევლებზე ბიომეტრიული მოწმობების გაცემას; საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტს.

კანონპროექტის სრული ვერსია წარმოდგენილია პარტიის ვებგვერდზე.

კანონპროექტების განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება.

„ჩვენ მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გამოვიყენოთ საარჩევნო რეფორმის კიდევ ერთი შანსი და ვაქციოთ ზემოაღნიშნული ინიციატივა საერო პროექტად. ხვალიდან ვიწყებთ მოლაპარაკებებს ძირითად პოლიტიკურ ძალებთან პროექტის შესახებ კონსენსუსის მისაღწევად.

მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს პროქტის განხილვაში. ყველა შენიშვნას და მოსაზრებას მადლიერებით მივიღებთ; მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქტიური მონიტორინგი განახორციელონ პარლამენტში კანონის განხილვის პროცესზე“, – ნათქვამია განცხადებაში.