საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
თამარ იოსელიანმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას: „ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობამ უნდა უზრუნველყოს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო სატრანსპორტო კავშირები და შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი რეგიონისთვის“.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს.
„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა“, - აღნიშნა მან.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მისი თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10-წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატრანსპორტო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას. ამ მიმართულებით ქვეყანა ავითარებს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემას (Maritime Single Window), ახორციელებს სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფრულებას და მუშაობს საზღვრებს შორის მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესებაზე.
„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები - მცირდება სატრანზიტო დრო და პროცედურების ხანგრძლივობა, იზრდება სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა და უმჯობესდება ბაზრებზე წვდომა. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ინვესტიციებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები მოიტანოს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში მინისტრთა და სამუშაო დონეზე კოორდინაციის მექანიზმების შექმნა თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და ეფექტიან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.