საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით, რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, - ამის შესახებ ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, არჩევნების შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
„ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი - რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით. ეს ზომები წარმოადგენს ნაბიჯებს უკანონო ანექსიისკენ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.