საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება: ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ვერ შეცვლის მის სტატუსს

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ე.წ. არჩევნებს გმობს და აღნიშნავს, რომ მისი ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ. საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნა წარმოადგენს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის ლეგიტიმაციას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.