საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადებებით შეუქმნა თუ არა დისკომფორტი ხელისუფლებას, კობახიძემ განაცხადა, რომ დისკომფორტია ის, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორუფციული ბრალდებით ციხეში ხვდება.
„რა თქმა უნდა, ღარიბაშვილმა ჩვენს გუნდს დისკომფორტი შეუქმნა, რომ კორუფციის ბრალდებით მას ციხეში წასვლა მოუწია. ეს დისკომფორტია, რომელიც მან გუნდს შეუქმნა და რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მას წარსულში ასეთი საქმიანობა არ ჰქონოდა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დისკომფორტი იქნებოდა.
კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება აქვს წაყენებული და ეს ბრალდება არის დადასტურებული, ამას განცხადებებითა და წერილებით ვერანაირად ვერ ჩამოიწმენდ. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი“, – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივას, კობახიძემ უპასუხა, რომ როცა პირდაპირ კორუფციული დანაშაულია სახეზე, ამის არავითარი რესურსი არ არსებობს.