აქტუალური
საქსტატი: II კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი 8.0%-ით გაიზარდა

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.0 პროცენტით, ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით); მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით).

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 157.5 ლარი, ანუ 8.9% შეადგინა, ხოლო კაცებში 200.5 ლარი, ანუ 7.6%. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში – 4 463.9 ლარი და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში – 3 693.0 ლარი.

საანგარიშო პერიოდში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით, ანუ 10.6%-ით გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.