პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ევროკავშირი საქართველოს აშშ-სთან კავშირს უკრძალავს

   „ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, უნდა გაწყვიტონ კავშირები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან («Make America Great Again» — „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“), რათა ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მიიღონ“, — განაცხადა გასულ კვირას ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა. „ჩვენ არ უნდა გავრისკოთ იმით, რომ მომავალმა წევრმა სახელმწიფოებმა სხვა ქვეყნებთან ისეთი ურთიერთობები ჩამოაყალიბონ, რომლებიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება“, — აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესში ისტორიაში პირველად გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეები. კითხვაზე, თუ ვინ არიან ევროკავშირის ეს „მოწინააღმდეგეები“, კოსმა უპასუხა: „აშკარაა, რომ რუსეთი ერთ-ერთი მათგანია“. თუმცა, ევროკომისრის+ განცხადებით, ევროკავშირი ასევე განიცდის „ზეწოლას დასავლეთიდან — MAGA-ს იდეოლოგების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელები იმაში, რომ „ევროპული ცივილიზაცია ეცემა, ჩვენი ეკონომიკა ეცემა და ჩვენ არ გვაქვს სათანადო დემოკრატია““.

ევროკომისრის შეფასებით, ჩინეთი — სხვა შემთხვევაა“. როგორც კოსმა განაცხადა, ჩინეთი ამ მიმართულებით სხვაგვარად მოქმედებს და ამ ეტაპზე ევროკავშირი მისგან რუსულის მსგავსი სადეზინფორმაციო კამპანიების ნიშნებს ვერ ხედავს. მისი თქმით, ჩინეთი ცდილობს განამტკიცოს ეკონომიკური კავშირები კანდიდატ ქვეყნებთან, რათა ევროკავშირში მათი შესვლის შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

დაფიქრდით, სადამდე მივიდა საქმე — ევროკავშირი საქართველოს უკვე უკრძალავს კავშირს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ღიად გამოდის აშშ-ის წინააღმდეგაც, რადგან „წითელქუდიანების“ პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ლიდერიც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტია, ეფუძნება იდეოლოგიას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“!

ევროკომისრის (რომელსაც კოლეგებს შორის პოლიტიკური წონა არ გააჩნია) ფართო საზოგადოებისთვის ბუნდოვანმა განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს მწვავე საპასუხო რეაქცია გამოიწვია, რადგან:

 საქართველო მარტა კოსის გზავნილის მთავარი ადრესატია;

 საქართველოს ლიდერები მუდმივად აკეთებენ განცხადებებს ევროპაში დემოკრატიისა და ეკონომიკის დაცემის შესახებ (პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვ.);

 საქართველო ავითარებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და ტურიზმს რუსეთთან;

 საქართველოში ყველაფერი გააკეთეს, რათა რეანიმაცია გაეკეთებინათ აშშ-სთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაფუჭდა (ვგულისხმობ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც, სხვათა შორის, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კარგად მუშაობდა რუსეთსა და აშშ-ს შორის) და ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.

   რა თქმა უნდა, მარტა კოსის განცხადება, თბილისის გარდა, ოფიციალური ერევნისთვისაც იყო გამიზნული, რომელსაც ბრიუსელიდან ღიად ურჩიეს, განსაკუთრებით არ გაერთოს TRIPP-ის პროექტით თავისი ყველა „ბონუსით“ (როგორიცაა ამერიკელების მიერ იშვიათი ლითონების მოპოვება და სომხეთში ამერიკული ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა) და არ გააფართოოს აშშ-ის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში. „თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოუწოდებს სომხეთს ჩაატაროს რეფერენდუმი და ჩამოყალიბდეს — ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (ЕАЭС), ან ევროკავშირი, რადგან ორივე კავშირში ერთდროულად ყოფნა გამორიცხულია, თავის მხრივ ევროკავშირი პირობებს უყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და სთავაზობს მათ არჩევანის გაკეთებას — რომელ ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას: ამერიკულს თუ ევროპულს!“ — აი, რას გულისხმობს სინამდვილეში გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ზემოაღნიშნული განცხადება, რადგან ეს საკითხები მის უშუალო სამსახურებრივ კომპეტენციაში შედის.

   ევროკავშირის ხელმძღვანელობას კატეგორიულად არ აწყობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური მიმართულებებისა და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების თანხვედრა, რომლებიც მიმართულია:

 კონსერვატიული ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ;

 მიგრაციული კონტროლის გამკაცრებისკენ;

 „გენდერულ“ მრავალფეროვნებაზე უარის თქმისკენ, პოლიტიკური ლექსიკონიდან ამ სიტყვის ამოღების ჩათვლით, რადგან „არსებობს მხოლოდ ორი სქესი — მამრობითი და მდედრობითი“;

 ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და სქესის ქირურგიული გზით შეცვლის აკრძალვისკენ;

USAID-ისა და მსგავსი ორგანიზაციების აკრძალვისკენ, რომლებიც ეწევიან არატრადიციული ღირებულებების პროპაგანდას და იცავენ უმცირესობების უფლებებს უმრავლესობის (მათ შორის — ტრადიციული რელიგიების მიმდევრების) უფლებების ხარჯზე.

   ამიტომ, მარტა კოსის გამო განსაკუთრებული გაკვირვება და მისი კრიტიკა — თითქოს სიმართლესა და სიცრუეს ერთმანეთისგან ვერ არჩევს! — არ ღირს: დღეს ევროპული დიპლომატია საბოლოოდ დეგრადირდა და, გვერდზე გადადო რა ეტიკეტი, მბრძანებლურ ტონზე გადავიდა. „თუ ნატო — ძირითადად ჩვენი, ევროპული ორგანიზაციაა, თუ ალიანსის შენახვის მთელი სიმძიმე, ისევე როგორც უკრაინის დახმარება ჩვენს მხრებზე ძევს, თუ გენერალური მდივანი რიუტე — ჩვენიანია, ევროპელი, მაშინ ამიერიდან ჩვენ აღარ ვაპირებთ ვითმინოთ აშშ-ის დიქტატი, განვიცადოთ ზარალი და ვიომოთ სხვის ომებში ამერიკული ინტერესებისთვის!“ — გადაწყვიტეს ბრიუსელში ჯერ კიდევ ამერიკა-ირანის კამპანიის დაწყებამდე, რომელიც, დიდი ალბათობით, მხოლოდ ვაშინგტონის ადმინისტრაციის შეცვლით დასრულდება.

   რაც შეეხება ევროკავშირის „კეთილგანწყობას“ ჩინეთის მიმართ, რომელიც, თითქოს, „სხვა შემთხვევაა, რადგან ჩინეთი არ აწარმოებს ანტიევროპულ სადეზინფორმაციო კამპანიებს“ და რომლისთვისაც ევროკომისარმა კოსმა თავის განცხადებაში „კეთილგანწყობით“ დაუშვა გამონაკლისი — „ნება დართო“ ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან, „როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, რათა მან ეკონომიკური სარგებელი მიიღოს საქართველოს ევროკავშირში შესვლის შემდეგ“. სინამდვილეში კი მიზეზი სხვა რამეშია — ევროპა არ აპირებს საკუთარი ხელით გადაკეტოს მისი მკვებავი „არტერია“, რომელიც ცენტრალური გახდა რუსეთ-უკრაინისა და ორმუზის სრუტის კონფლიქტების პირობებში, ამიტომ შუა დერეფნის (ТМТМ, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი), რომელიც საქართველოზე გადის, კონტროლი ბრიუსელს სურს — ვაშინგტონის ჯინაზე, რომელიც ისედაც გააკონტროლებს ალტერნატიულ მიმართულებას — „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის სახელით“ ზანგეზურის დერეფნის (TRIPP) გავლით.

   აი, რატომ მოუწოდებს დღეს ევროკავშირი თბილისს არჩევანის გაკეთებისკენ — ევროკავშირი, რომელიც საქართველოს უკრძალავს ნებისმიერ კავშირს რუსეთთან (სავაჭრო, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულსა თუ ტურისტულს) და 2022 წლიდან მოუწოდებს თბილისს შეუერთდეს ანტირუსული სანქციების სრულ პაკეტს; ევროკავშირი, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს პარტნიორობას ირანთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში ინვესტირებენ: თუ გსურთ, რომ ბრიუსელმა ვეტო მოხსნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, შეწყვიტეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის რეანიმაციის პროცესიო! რადგან ამერიკა უკვე ის აღარ არის, ევროპა და ამერიკა უკვე ერთად აღარ არიან, ტერმინი „დასავლეთიც“ წარსულს ჩაბარდა და ვაშინგტონის ადმინისტრაციაც მარადიული არ არის...

   ამ ისტორიაში ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ევროკომისარ კოსის განცხადებაში ბრიუსელმა აშშ და რუსეთის ფედერაცია ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეებად გააერთიანა. ევროპის გამიჯვნა აშშ-სგან, ისევე როგორც აშშ-ისა დიდი ბრიტანეთისგან, და მათი ინტერესების დიფერენციაცია — არ არის ბოლო სიახლე, რასაც სამყაროს მრავალპოლარულობაზე გადასვლა მოუტანს.

ნათელია ერთი რამ — კამპანია ტრამპის ხელისუფლებიდან თანდათანობით ჩამოშორების მიზნით, რომელიც მიმდინარე წლის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე უნდა გაფორმდეს და 2028 წლის 7 ნოემბერს დასრულდეს, უკვე დაიწყო და ევროპული ბიუროკრატია მასში არანაკლებ როლს შეასრულებს, ვიდრე ამერიკული „ღრმა სახელმწიფო“ (Deep state).

   არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 14 სექტემბერი
საქართველო, თბილისი