რელიგია
დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს თსუ-ში ლექცია არ ჩაატარებინეს

11mamaoთბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს გუშინ, 2011 წლის 28 სექტემბერს, თსუ-ს VIII კორპუსში ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა. დეკანოზი უკვე ორი წელია, ყოველთვე ატარებს საჯარო ლექციებს თსუ-ს მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში. დეკანოზთან შეხვედრა გუშინაც უნდა გამართულიყო, თუმცა  დეკანოზის მრევლს სააქტო დარბაზი დაკეტილი დახვდა. ამ შეხვედრებს ორგანიზებას  სპეციალურად შექმნილი სამსახური – „თსუ-ს საპატრიარქოსთან ურთიერთობის ცენტრი“ უწევს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სააქტო დარბაზში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ ამის გამოა დაკეტილი.

„ფაქტია, არ შეგვიშვეს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. წყალს აქვს თვისება – ერთ მხარეს რომ გადაუკეტავ, სხვა მხარეს გაედინება. ღვთის სიტყვა – ეს არის მადლის წყარო, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიკეტება... ისინი, ვინც ღვთის სიტყვის გავრცელებას ხელს უშლის, ადამიანები არიან ჩვენსავით და ჩვენ ყველანი ცოცხალი ღმერთის წინაშე წარვდგებით. ამიტომ ისინი საკუთარ თავს, საკუთარ სულიერ ცხოვრებას უქმნიან პრობლემას“, – განაცხადა დეკანოზმა „პალიტრა TV“-თვის მიცემულ ინტერვიუში.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის დაკეტვა ბოლო პერიოდში დეკანოზის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შედეგია, რომლის მიხედვითაც, მამა თეოდორეს რასიზმში ადანაშაულებენ.