მახაჭკალის „ანჟიმ“ 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, უზბეკეთში, ტაშკენტის „პახტაქორში“ 4-თვიანი იჯარით გაუშვა, სადაც ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მალევე ჩამოყალიბდა. ქართველი ფეხბურთელი 5 ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობდა და პირველსავე სადებიუტო შეხვედრაში „შურტანის“ კარში გოლიც გაიტანა. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ფეხბურთელ ირაკლი კლიმიაშვილს უზბეკეთში დაუკავშირდა.
– რამდენივე ევროპული სინჯის შემდეგ 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმე „ანჟისთან“, სადაც ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხე და მეტწილად დუბლებში გიწევდათ თამაში. გულშემატკივრების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მომავალი დაიღუპეთ. ხომ არ ნანობთ რუსეთში წასვლას?
– ყველას თავისი აზრი აქვს. სათამაშოდ წავედი „ანჟიში“. მოხდა ისე, რომ ძირითად შემადგენლობაში არ მიწევდა თამაში, მაგრამ ყველა ის ფეხბურთელი, ვინც პირველ გუნდში ვერ მოხვდა, დუბლებში ვთამაშობდით და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თამაშს მოწყვეტას ისევ დუბლები მერჩივნა. სინანულით კი, ნამდვილად არაფერს ვნანობ.
– მოგვიანებით „პახტაკორში“ გაგიშვეს. ამან კიდევ უფრო დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების აზრით, ამ ნაბიჯით შენთვის ნაკრების კარი დაიხურა...
– ჩემთვის მთავარი იყო, სათამაშო პრაქტიკა მქონოდა. თანაც, დუბლებში თამაშს სჯობდა, რომელიმე სხვა ქვეყანაში მეთამაშა უმაღლესი ლიგაში. ამისთვის კი „პახტაკორი“ ძალიან კარგად გამოვიყენე. ფორმა აღვიდგინე. 5 თვე ნორმალურად არ მითამაშია, რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.
ნაკრებს რაც შეეხება, ამ გუნდში თამაშობდნენ მანუჩარ მაჩაიძე და ზურაბ წერეთელი. ამის გამო – რა, ნაკრებში მათ არავინ იწვევდა? „ანჟიში“ ვყოფილიყავი, არ მეთამაშა და ვინმე გამომიძახებდა? ასე რომ, „პახტაკორში“ თამაში ნამდვილად არ უნდა განაპირობებდეს ნაკრებში ჩემს გამოძახება-არგამოძახებას.
– ნოემბერში იჯარის ვადა გეწურებათ „პახტაკორთან“. იმ შემთხვევაში, თუკი ტაშკენტელებს თქვენი დატოვების სურვილი ექნებათ (რაც არაა გამორიცხული), დარჩებით უზბეკეთში?
– არა. ნამდვილად ვიცი, რომ იჯარის ვადის დასრულების შემდეგ აუცილებლად „ანჟიში“ დავბრუნდები.
– ამასწინათ თქვენი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამბობდით, რომ უზბეკეთში უფრო მეტად უყვართ ფეხბურთი, ვიდრე აქ, რამაც გულშემატკივრის გაბრაზება გამოიწვია...
– ძალიან მინდოდა, ამ ინტერვიუზე მელაპარაკა. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან რა გადათარგმნეს. შევინახე ის ინტერვიუც და რომ ჩამოვალ, ჩამოვიტან. ენის პრობლემა ჰქონდა ჟურნალისტს, ალბათ. როდესაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს უცხო ქვეყანაში, მასთან ინტერვიუ რა პრობლემას წარმოადგენს?! უზბეკი ჟურნალისტის მიერ გაკეთებული მასალის თარგმნას სჯობს, დამირეკოს და პირდაპირ მკითხოს, თუ რამე აინტერესებს. საიდან მოიტანეს ეს – მსგავსი არაფერი მითქვამს. კიდევ გეუბნებით, ჩემთან დაკავშირება პრობლემა არაა. მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა კითხვას.
– რობერტო კარლოსზე გკითხავთ. ლეგენდარული ფეხბურთელი გადმოიყვანეს „ანჟიში“. გქონდათ მასთან ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა. ის, რომ დუბლებში ვთამაშობდი, არ ნიშნავს, რომ პირველ შემადგენლობასთან არ ვიყავი. პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. რობერტო უშუალო ადამიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალია.
ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“