პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამინისტროების გაერთიანების პაკეტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო ცვლილებების საკანონმდებლო პროცედურის შესახებ განმარტება გააკეთა:

რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო, არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალი ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებით კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც ყველა გამომდინარე კანონპროექტი იქნება ასახული. ტექნიკური საკითხი იყო, ამიტომ შემდეგ სასესიო კვირას მივიღებთ ამ პროექტს და დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება.

რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული, რომ შექმნილიყო ეს პოზიცია იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყოლოდა ვიცე-პრემიერი, რომელიც კოორდინირებას გაუწევდა ამ საკითხს და იქნებოდა ისეთი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი, რომელიც ასეთ კომპლექსურ საკითხს გაუძღვებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ამიტომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მთავრობა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით იქნება თავად ამ საკითხების განმახორციელებელიც და კოორდინატორიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.