საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მოქალაქეთა გაერთიანება “ანტიანექსიური პლატფორმა” დაფუძნდა.
ღონისძიებაზე პლატფორმამ მიიღო დეკლარაცია - “არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას - დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
პლატფორმის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის არის სრულიად აპოლიტიკური და მზად არიან ნებისმიერი პარტიის წევრთან თანამშრომლობისთვის.
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერთიანდებით როგორც ზეპარტიული გაერთიანება და რომელთათვისაც საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპები, თავისუფლება და ადამიანის ღირსება წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობებს, ვაცხადებთ საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის შექმნას.
ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე რწმენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, სეპარატიზმის წახალისება და ოკუპირებულ რეგიონებში დემოგრაფიული ცვლილებების ძალადობრივი გზით განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.
ანტიანექსიური პლატფორმა არის საქართველოს მოქალაქეთა ზეპარტიული და ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედება, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების განმტკიცება.
პლატფორმის მიზნებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე; რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პრინციპის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიების ძალის გამოყენებით მიტაცების სამართლებრივი შეფასების ხელშეწყობა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებების დაცვა; ოკუპირებულ რეგიონებში მარიონეტული რეჟიმებისა და მათი ლიდერების, აგრეთვე ანექსიური პროცესის ხელშემწყობი პირების მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირება; აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი კვლევებისა და ანალიზის განხორციელება; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რუსული ჰიბრიდული და ანექსიური საფრთხეების შესახებ; მიმდინარე ფაქტობრივი ანექსიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა; საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობა ანექსიის რისკებისა და ოკუპაციის საკითხებზე; მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერა.
პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამართლებრივი დასკვნებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება რუსეთის მიერ წარმოებული ფაქტობრივი ანექსიის ნაბიჯებზე; საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე კვლევების განხორციელება; საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან და დიპლომატიურ მისიებთან სამუშაო შეხვედრებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა; კონფერენციების, დისკუსიებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების აქტუალიზაცია; რუსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული აქტორების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხის მხარდაჭერა; ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
„არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!“, - ნათქვამია პლატფორმის დეკლარაციაში.
დეკლარაციას ხელს აწერენ ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლები: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნოდარ ხარშილაძე, აკია ბარბაქაძე, კახა გოგიძე, პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, გიორგი მელაშვილი, ირაკლი ტაბლიაშვილი.