საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველოდან საზამთროს ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველომ 33.6 ათასი აშშ დოლარის 67.4 ტონა საზამთრო გაიტანა ექსპორტზე, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით 88%-ით, ხოლო მოცულობით 91%-ით ნაკლებია.
ექსპორტის ძირითადი კლება სომხეთის მიმართულებით დაფიქსირდა, სადაც გასული წლის პირველ ნახევარში 221.3 ათასი დოლარის (638.3 ტონა) საზამთრო გავიდა, წელს კი მხოლოდ 7.3 ათასი დოლარის (5.4 ტონა).
2026 წლის იანვარ-ივნისში ქართული საზამთროს ძირითადი საექსპორტო ბაზრები იყო: რუსეთი ($13.7 ათასი / 22.9 ტონა), უკრაინა ($12.6 ათასი / 39.1 ტონა) და სომხეთი ($7.3 ათასი / 5.4 ტონა).
ამავდროულად, საქართველოში საზამთროს იმპორტი მცირედით გაიზარდა და 2.9 მილიონი აშშ დოლარი (9 567.5 ტონა) შეადგინა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ ირანი ($1.5 მლნ / 4 823.5 ტონა) და თურქეთი ($1.3 მლნ / 4 335.6 ტონა).