საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა აღარ დააფინანსებს ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამას, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა ქართველოლოგიის პროგრამას 2022 წლიდან საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით აფინანსებდა.
„პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს. შესაბამისად, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა.
პროგრამის დასრულების შემდგომ, სამინისტრომ, ჰარვარდის პოზიციის გათვალისწინებისა და შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ გამოხატა მზადყოფნა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნებთან და დანიშნულებასთან შესაბამისი ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად.
შესაბამისად, ჰარვარდს აქვს შესაძლებლობა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი კვლავ პროგრამის მიზნებისთვის მიმართოს, ფინანსური ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა - მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს.
დევისის ცენტრის პროგრამა შეიქმნა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველოლოგიური კვლევების პირველი დიდი ცენტრი. პროგრამაში ისწავლებოდა ქართული ენა, ტარდებოდა კვლევები სამხრეთ კავკასიის ისტორიაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე და ეწყობოდა აკადემიური გაცვლები.