რელიგია
თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ, მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის დღეს, 12:00 საათზე, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
საპატრიარქოში შეთანხმებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე და ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე მოაწერენ ხელს. მემორანდუმის თანახმად, „ეკლესია და სამინისტრო, რომლებიც ადასტურებენ ეკლესიის უდიდეს როლს ერის სულიერ აღზრდაში, მზად არიან, ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის სრულყოფას მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შესაქმნელად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს სრულყოფას, მათ შორის, მიიღონ ზომები, რათა მათ მზრუნველობას დაქვემდებარებულ პირთათვის (განსაკუთრებით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, ხელმისაწვდომობა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ სერვისებზე; მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის როლისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას; მოსახლეობისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და დამკვიდრებას; მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროსა და საპატრიარქოს მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიებების გამართვას“.