პოლიტიკა
ბიწაძე ავსტრიაშია

badri_bitsadze2თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ქართველმა ჟურნალისტებმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად ძებნაში მყოფი ბადრი ბიწაძე ვენაში გადაიღეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე ავსტრიაში მეუღლესთან – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესა და შვილთან ერთად სასტუმრო „გრანდ-ოტელში“ იმყოფება.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა საცხოვრებელი ადგილის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და კამერებისთვის თავის არიდება სცადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებას გულისხმობს. ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი მიმდინარე წლის 26 მაისის შემდეგ უცნობი იყო. ნინო ბურჯანაძე კი აცხადებდა, რომ მისი მეუღლე ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდებოდა. შესაბამისად, ალბათ, ლოგიკას არ იქნება მოკლებული, თუ ვივარაუდებთ, რომ ბიწაძემ თავშესაფრის თხოვნის სწორედ ავსტრიას მიმართა.