„26ბ მომცეს!“ — ცნობილი ფრაზაა „მიმინოდან“ (1977 წ.), ასე უწოდებს საბჭოთა კინოფილმის გმირი თვითმცლელ „КрАЗ-256Б“-ს, რომელიც სომხეთს მოსკოვის ავტობაზაში გამოუყვეს.
დღეს მოსკოვში სომხეთს „7ბ“-ს აძლევენ (დიაგნოზი პოსტსაბჭოთა ფსიქიატრიაში, რომელიც აღნიშნავს ფსიქოპათიასა და შიზოფრენიის მსუბუქ ფორმებს, მოგვიანებით ასე უწოდებდნენ ექსცენტრიული ხასიათისა და უცნაური ქცევის მქონე ადამიანებს). სსრკ-ის ყოფილ დედაქალაქში ვერაფრით გაუგიათ — რატომ გაცვალა ოფიციალურმა ერევანმა რუსული ბაზარი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის შეღავათები ევროკავშირში ინტეგრაციის ბუნდოვან პერსპექტივებზე.
გასულ კვირას „26ბ“ საქართველოს მისცეს, თუმცა არა მოსკოვმა, არამედ შეერთებულმა შტატებმა: თბილისში, სადაც უკვე 13 თვეა ამერიკის ელჩი არ ყოფილა, დროებითი რწმუნებული გამოგზავნეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს გამოსაცდელი ვადა მისცა და იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს ის თავს წლის ბოლომდე, იქნება დამოკიდებული — გამოგზავნიან თუ არა ბალანჩინის ქუჩაზე ამერიკის ელჩს, თუ ოფიციალური თბილისი კვლავაც აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის „თამასით“ დაკმაყოფილდება.
„26“ — იმიტომ, რომ 2026 წელია, ხოლო „ბ“ — იმიტომ, რომ „ა“ უკვე იყო: წლის პირველ ნახევარში თეთრი სახლის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ აიგებოდა საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეების, სააკაშვილის ლობისტების — კონგრესმენ ჯო უილსონის, ანტიქართული კანონპროექტის „MEGOBARI Act“-ის ავტორის, აგრეთვე სენატორების გრემის, შაჰინის, რიდისა და სხვა ძალად „მეგობრების“ რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ტრამპმა მათი რჩევების მიმართ ეჭვი შეიტანა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელმძღვანელობისგან თავის სახელზე რამდენიმე ღია წერილი მიიღო ერთგულებისა და აშშ-სთან პარტნიორობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების მზაობის დადასტურებით, აგრეთვე ვაშინგტონში საქართველოს ახალი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აქტიური საქმიანობის ფონზე, რომელიც მიმართულია თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის დროს დაგროვილი „ნანგრევების“ გაწმენდისკენ. „დროა, თბილისში ელჩის მოვალეობის შემასრულებელი დავნიშნოთ, ჩვენ ხომ არაფერს ვრისკავთ, — გაიფიქრა ტრამპმა, — თუ პატიოსნად მოიქცევიან, ექნებათ ბედნიერება, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს, ხოლო თუ არა — დავუბრუნდებით 26ა გეგმას და მივიღებთ „MEGOBARI Act“-ს“.
მაგრამ საქართველოს შესაძლოა „7ბ“-ც მისცენ (იხ. ზემოთ), თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ორი ექსპრეზიდენტი მოაღწევს ხელისუფლებაში: ფრანგული „ფრანშიზა“, რომელიც შეპყრობილია შიზოფრენიული ფიქციით, თითქოს ის დღემდე საქართველოს კანონიერი პრეზიდენტია; და ექსცენტრიული ფსიქოპატი, რომელმაც საქართველოს რუკა 20%-ზე მეტით მიჭრა-მოაჭრა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უკრაინულის სასარგებლოდ და სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის.
მაგრამ ამის შესახებ — ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ვისაუბროთ ტრამპზე და იმაზე, თუ რას ელის ის საქართველოსგან.
ხელისუფლება ანგარებით და კაპიტალის დიქტატურა
ჩემი აზრით, მიმდინარე ისტორიული მომენტის თავისებურება — ეს არ არის უნიპოლარული სამყაროდან პოლიცენტრულზე გადასვლა, არამედ კოლიზია პოლიტიკური მენეჯმენტის ორ საპირისპირო — იდეოლოგიურ და პრაგმატულ სტილს შორის. კაპიტალის დიქტატურა XXI საუკუნის მთავარ „რელიგიად“ იქცევა, პოლიტიკური რომანტიკოსები ადგილს უთმობენ ბიზნესმენებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან ბიზნესის დასაცავად და გასაფართოებლად. პოლიტიკის ციფრულობა — ხელოვნური ინტელექტი, კრიპტოვალუტები, გარიგებები და ტრანზაქციები — განდევნის იდეალებს, ტრადიციებს, შეთანხმებებსა და ალიანსებს.
ქართული პოლიტ-ისტებლიშმენტი, რომელიც უტიფრად „ძვლებს ურეცხავს“ ნებისმიერს, ცდილობს დონალდ ტრამპის სახელი ზედმეტად არ ახსენოს, გარდა ცალკეული აბდლებისა, რომლებსაც თავში აბდარი აქვთ და ტელეეკრანებზე კეკლუცობენ - აქაოდა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი არაპროგნოზირებადი შოუმენია! ასეთი პროვინციული მეთოდით ისინი ცდილობენ ყურადღება მიიქციონ აშშ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, სადაც 2008 წლის პროვოკაციის შემდეგ სააკაშვილისა და მისი დამნაშავე ნაცგუნდის სახელზე ტაბუა დადებული (ოპოზიციისთვის ხელმისაწვდომი მაქსიმალური დონეა — ზემოხსენებული ლობისტები, რომლებიც ექსმმართველი პარტიის მოპარული ფულით უხვად ფინანსდებიან). ოფიციალური ვაშინგტონიდან არანაირი თხოვნა არ ყოფილა, რომ სააკაშვილი შეეწყალებინათ ან სამკურნალოდ აშშ-ში გაეგზავნათ, პირიქით — აშშ-ში მხოლოდ გაუხარდებოდათ, თუ კონფიდენციალური ინფორმაციის მატარებელი, რომლის გახმაურებითაც სააკაშვილი ვაშინგტონის შანტაჟს ცდილობდა, რაც შეიძლება მალე გაქრებოდა. სააკაშვილი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ამერიკას ის ასი წელი არ სჭირდება, საავადმყოფოდან ციხეში დაბრუნდა, მომჯობინდა და ახლა ხელისუფლების სათავეში დაბრუნება მოინდომა.
ჩვენ კი თემას დავუბრუნდეთ: ასე რომ, ქართული ოპოზიციის „სახეებს“ თავიანთი სპეკულაციური თეორიების ნაცვლად დონალდ ტრამპის წიგნი „გარიგების ხელოვნება“ რომ წაეკითხათ, რომელიც კინოფილმ „მიმინოს“ გამოსვლიდან 10 წლის და სააკაშვილის დაბადებიდან 20 წლის შემდეგ, ანუ 1987 წელს დაიბეჭდა, მიხვდებოდნენ, რომ ტრამპი მსოფლიოში პირველი პლანეტარული მასშტაბის CEO-პოლიტიკოსია (Chief Executive Officer). ისინი მიხვდებოდნენ, რომ ტრამპი უკომპრომისო საქმოსანია, რომლისთვისაც მთელი მსოფლიო — ბაზარია, სახელმწიფო — ბიზნეს-კორპორაცია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები — ტრანზაქცია, ბიზნეს-პროექტი, ხოლო იმარჯვებს ის, ვინც ახერხებს ხისტად დაწოლას, ძალის გამოყენებას, საკუთარი თამაშის წესების თავს მოხვევას, მაგრამ არ ეჯაჭვება იდეალებს. მაგრამ ძალის გამოყენება გარიგების საზიანოდ, იმის მცდელობით, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიო, რაც ჰიტლერისთვის მესამე რაიხი იყო, უკვე იდეოლოგიაა, რომელიც უცხოა CEO-პოლიტიკოსისთვის. პრაგმატიკოსი ტრამპი არასოდეს დებს ფსონს ერთ გარიგებაზე, მას ყოველთვის აქვს მინიმუმ „ბ“ გეგმა, რათა შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება, მოლაპარაკებების მაგიდა „ამოაყირავოს“ და მოიხსნას პასუხისმგებლობა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც (იხ. ზემოთ — „26ა“ და „26ბ“).
CEO-პოლიტიკოსისთვის არ არსებობს „ისტორიული მოკავშირეები“, „ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები“, „ურღვევი ტრადიციები“ და „დიპლომატიის წესები“ — აი, რით განსხვავდება ტრამპი, მაგალითად, პუტინისა და ევრაზიის სხვა ლიდერებისგან. ნებისმიერ საერთაშორისო ხელშეკრულებას ტრამპი კონტრაქტად აფასებს და თუ ალიანსებში მონაწილეობა, მაგალითად — ნატოში ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, აშშ-ს მეტისმეტად ძვირი უჯდება და პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს, CEO-პოლიტიკოსი მზადაა გარიგება გაწყვიტოს. KPI (Key Performance Indicators) ტრამპისთვის იდეალებზე განუზომლად მაღალია, დემოკრატიის გავრცელება, ეკოლოგიური კონვენციები და ადამიანის უფლებები ადგილს უთმობს ხისტ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. წარმატება, როგორც ბიზნესში, იზომება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით, სავაჭრო ბალანსის გათანაბრებით, ინვესტიციების შემოდინებითა და გასაღების ბაზრებზე კონკურენტების ჩამოშორებით.
CEO-პოლიტიკოსები, როგორიც ტრამპია, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებენ და არა კოლექტიურად, და სურთ შედეგი დაუყოვნებლივ დაინახონ. აქედან მოდის მიდრეკილება პირდაპირი დირექტივებისკენ, ლიდერებთან პირისპირ მოლაპარაკებებისკენ (ოფიციალური დიპლომატიური უწყებების გვერდის ავლით), ნდობით აღჭურვილი პირებისა და პირდაპირი კავშირის არხების გამოყენებისკენ. ეს — საყურადღებოდ ქართული ოპოზიციისა და ევროპული ბიუროკრატიისთვის, რომლებსაც აღიზიანებთ საქართველოს დე ფაქტო პოლიტიკური ლიდერის, ბიზნესმენის, მილიარდერისა და ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის სტილი, მაგრამ დონალდ ტრამპისთვის „დიქტატორისა“ და „რუსი ოლიგარქის“ წოდების, როგორც ივანიშვილისთვის, მათ უბრალოდ ეშინიათ.
და ბოლოს, რაც უნდა გაითვალისწინოს ქართულმა ოპოზიციამ, რომელიც ძნელად თუ შეისმენს ჩემს რჩევებს: კორპორაციულ სამყაროში, სადაც სახელმწიფო — სააქციო საზოგადოებაა, პრეზიდენტი — დაქირავებული ტოპ-მენეჯერი, მოქალაქეები — აქციონერები, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები — გლობალური კონკურენტული ბაზარი, არ არის და არც შეიძლება იყოს ძლიერი შიდა ოპოზიციის ადგილი. CEO-პოლიტიკოსები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ხელისუფლების მაკრიტიკებელ მედიას აღიქვამენ არა როგორც შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის ბუნებრივ ელემენტს, არამედ როგორც მტრულ კონკურენტებს, მავნებლებსა და უცხოეთის აგენტებს, რომლებიც „კომპანიის“, ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ზრდას უშლიან ხელს. და მართლაც — „ქართული“ ოპოზიცია და მისი მომსახურე მედია საქართველოს სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ამიტომ ქართულ ოპოზიციას მართებს მადლობა გადაუხადოს „ქართულ ოცნებას“ საქართველოში დემოკრატიის 13 წლისთვის, სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზების თავისუფლებისა და ოპოზიციური ტელეკომპანიების პირდაპირ ეთერში ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებისთვის! თუმცა საქართველოში კანონის დაუსჯელად დარღვევის დრო დასასრულს უახლოვდება…
ტრამპი, ზელენსკი, ალიევი და სააკაშვილი
ზემოთქმულის დასადასტურებლად, მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რომლებიც აჩვენებს განსხვავებას CEO-პოლიტიკოს-პრაგმატიკოსსა და პოპულისტ-პიარშჩიკს შორის. დავიწყებ ზელენსკით.
ქართული ოპოზიციური ტელეარხები და ტროლ-ბოტები თავიდან დეზინფორმაციას აწვდიდნენ საქართველოს მოსახლეობას, სარგებლობდნენ რა რუსული ტელეარხების გათიშვით: თითქოს ზელენსკის შეხვედრა ტრამპთან 28 ივლისს გარღვევა იყო და რუსეთს კარგს არაფერს უქადდა. ფეიკები მაშინვე მიჩუმდა, როდესაც ელექტრონული მედიის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებმა შეიტყვეს, რომ: 1 — ენდრიუს გაერთიანებულ ბაზაზე ზელენსკის ბორტს არავინ დახვედრია და ტრაპიდან ჩამოსულ უკრაინის „პრეზიდენტს“ მხოლოდ პილოტისთვის მოუწია ხელის ჩამორთმევა, რადგან ირგვლივ სხვა არავინ იყო; 2 — რომ ზელენსკის შეხვედრა ტრამპთან არასრულ საათს გაგრძელდა, მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა და იმ დღეს ტრამპისთვის ერთადერთი არ ყოფილა — როგორც კი ოვალური კაბინეტიდან ზელენსკი გამოვიდა, იქ ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ შევიდა, რომელსაც ტრამპმა, ისევე როგორც ზელენსკის, ურჩია შეემცირებინა ჟინი და ამბიციები, რომლებიც აშშ-ის დახმარების გარეშე გროშადაც არ ღირს; 3 — რომ ტრამპმა უარი განუცხადა უკრაინას „Patriot“-ის (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის) მინიჭებაზე, რაც ახსნა უკიდურესი სიფრთხილის დაცვის აუცილებლობით და იმ შიშით, რომ საიდუმლო ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიები სხვის ხელში მოხვდება. ჩემგან დავამატებ — ისევე, როგორც ამერიკული და ევროპული შეიარაღების შთამბეჭდავი ნაწილი, რომელიც ზელენსკის ხელქვეითებმა მესამე ქვეყნებში, მათ შორის ტერორისტულ რეჟიმებზე გაყიდეს!
მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ყველა მედიასაშუალებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ ქართველის თვალს ვერ გამოეპარებოდა, — ეს არის სუბიექტური მომენტი, რომელიც ზელენსკის პიროვნების ფსიქოტიპს მიეკუთვნება. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, დაწყებული მათი პირველი სკანდალური შეხვედრიდან და დამთავრებული „ძალიან კარგი“ ბოლო შეხვედრით, ტრამპი, ზელენსკისადმი მიმართვისას, თავს მარჯვნივ აბრუნებს და თვალებში უყურებს ზელენსკის, რომელიც მისგან მარჯვნივ ზის. ზელენსკი კი პირდაპირ იყურება, პასუხობს არა ტრამპს, არამედ ჟურნალისტებს, თითქოსდა მათ რეაქციაზე აქვს გათვლა — ზუსტად ისე, როგორც „КВН“-ში, როცა სცენიდან მაყურებელთა დარბაზში იყურებიან, როდესაც შეკითხვას სარკასტული რეპრიზით პასუხობენ. ტრამპს არ შეეძლო არ შეემჩნია, რომ ამგვარად ზელენსკი მას დასცინის და წარმოაჩენს ე.წ. ჰოლივუდურ შოუმენად, რომელიც უკრაინის პრობლემებს ზერელედ იცნობს.
დავრჩეთ ოვალურ კაბინეტში და გავიხსენოთ საპირისპირო მაგალითი — თუ როგორ დასვა ტრამპმა ერთი წლის წინ, 2025 წლის 9 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავის მაგიდასთან და მის თვალ წინ მაგიდის უჯრა გახსნა (სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სტუმრებისთვის განკუთვნილი სამახსოვრო ოქროს სასაჩუქრე მონეტები იდო ამერიკული სიმბოლიკით), იქიდან ორი ცალი ამოიღო და ილჰამ ალიევს აჩუქა. „ყველას ავიღებდი, ცხრა შვილიშვილი მყავს“ — თქვა ღიმილით ალიევმა. „თქვენ მშვენივრად აწარმოებთ მოლაპარაკებებს!“, — უპასუხა ტრამპმა ალიევს და ბრძანა, მოეტანათ კიდევ „მსოფლიოში საუკეთესო და ძვირფასი მონეტები“ ალიევის ცხრავე შვილიშვილისთვის, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს თეთრი სახლის სიმბოლური გასაღებები აჩუქა — ჟესტი, რომელსაც ტრამპის თქმით, ის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აკეთებს. ტრამპის მორიგე ღიმილი მხოლოდ ფოტოსესიისთვის არ იყო, არამედ აჩვენა, რომ ამიერიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მისი გულის გასაღები მიიღო, ხოლო ილჰამ ალიევმა, ითხოვა რა მონეტები შვილიშვილებისთვის, აჩვენა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტისთვის არ არის აბორიგენი, რომელსაც კონკისტადორები მბზინავი სამკაულებით ატყუებდნენ, არამედ თანასწორუფლებიანი პარტნიორია, რომელიც „ოქროზე“ არ იყიდება!
გამოიცანით — რას იზამდა ალიევის ადგილას სააკაშვილი? დიახ, სწორია, აკოცებდა ამ მონეტას როგორც სიწმინდეს, გულში ჩაიკრავდა, ხოლო თბილისში დაბრუნებისთანავე გამოვიდოდა ააზანზარებდა ტელევიზიებს და გამოაცხადებდა, რომ ტრამპმა ის განსაკუთრებული დამსახურებებისთვის მედლით დააჯილდოვა, რომ ეს — საქართველოს ისტორიული გამარჯვებაა მისი ხელმძღვანელობის წყალობით, შემდეგ კი ჩარჩოში ჩასვამდა და თავის სამუშაო მაგიდაზე დადებდა!
და მართლაც - დავბრუნდეთ საქართველოში და ვნახოთ, რა განიზრახა სააკაშვილმა ამჯერად. ჩვენმა „7ბ“ მიშამ კი განიზრახა, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობა — აი, „ნელსონ მანდელაც ხომ პირდაპირ ციხიდან გახდა პრეზიდენტიო“! მთავარია — პიარი, ყოველთვის მიაჩნია სააკაშვილს, რომელიც მიჩვეულია ჰაერის სარფიანად გაყიდვას და აქედან დივიდენდების მიღებას. როდესაც სააკაშვილი აპირებდა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი გამხდარიყო, მან ცოლად შეირთო დეპუტატი ელიზავეტა იასკო, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა. ახლა კი, გამოთქვა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის სურვილი, მას სურს ცოლად შეირთოს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის კანდიდატურაც მან თავისი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წამოაყენა.
მაგრამ როგორ უნდა მოიყვანოს ცოლი, თუ ის ციხეშია?! შეიძლება, ეს ვინმესთვის პრობლემაა, მაგრამ არა სააკაშვილისთვის: ნახა რა პოპულარული კლიპი „მე გავთხოვდები Chat GPT-ზე“, სააკაშვილმა განაცხადა, რომ იქმნება მისი ავატარი, „რომელიც ილაპარაკებს, იფიქრებს და იმოძრავებს, როგორც ახალგაზრდა მიშა“ (იხ. ფოტო ზემოთ). ვითომდა, ამგვარად ის გადალახავს საკომუნიკაციო ბარიერს, რომელიც ხელისუფლებამ შეუქმნა, რათა მან ქართველ ხალხთან არ იკონტაქტოს და პოლიტიკაში არ დაბრუნდეს. მიშა–ნანუკას ვირტუალური კაშკაშა ვარსკვლავური წყვილი სკანდალური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მათ იმიჯზე ითამაშებს, რადგან ნებისმიერი პიარი სასარგებლოა, ნეკროლოგის გარდა. სხვათა შორის, „ავატარი“ ქართულად „ავად არი“-ს გვაგონებს. სააკაშვილის ავატარი – ახალი ვირუსია, რომლითაც მას სურს რაც შეიძლება მეტი ქართველი დააინფიციროს.
მაგრამ სიდიადის მანიით შეპყრობილმა ექსცენტრიულმა სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს დავით IV აღმაშენებელსა და ილია ჭავჭავაძეს ადარებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ისტორია მისით იწყება, გადაწყვიტა თავისი ავატარის შექმნა სხვა მიზეზითაც. სიტყვა „ავატარი“ (avatara) - რელიგიური წარმოშობისაა, მომდინარეობს ძველი ინდური ენიდან — სანსკრიტიდან — და აღნიშნავს ღმერთის დედამიწაზე გარდამოსვლას მატერიალურ სხეულში სამყაროს გადარჩენის მიზნით. ესე იგი ამბიციურ სააკაშვილს სურს ასოცირდებოდეს ღმერთის მეორედ მოსვლასთან, რომელიც საქართველოს გადასარჩენად არის მოწოდებული!
ასევე სიმბოლურია, რომ ქართველები ტერმინს „Chat GPT“ ერთად ხმარობენ, ტოვებენ რა პირველ „t“-ს, რაც ქართულად თანაჟღერადია გავრცელებული უცენზურო სიტყვისა, რომელიც უნებლიე დეფეკაციას, გადატანითი მნიშვნელობით კი «თავის მოჭრას“ ნიშნავს. საკითხავია — დაეხმარება კი ხელოვნური ინტელექტი „7ბ“ ფსიქოპათს, რომელიც ცხოვრებაში თავი არაერთხელ შეურცხვენია?! გორშიც, როდესაც მიწაზე ეცემოდა, შეშინებული მოახლოებული რუსული მოიერიშის ხმით, და როდესაც ბრძანებდა ადამიანების წამებას, დახოცვასა და რეკეტს, მათი ქონებისა და ბიზნესის კონფისკაციას, რათა მომავალში პასუხი არ მოსთხოვონ? როდესაც საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს?! ამის შესახებაც მოყვება მიშას ვირტუალური ორეული?!
დასასრულს მივმართავ ქართულ „Deep state“-ს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაშია გამაგრებული. ბატონებო, თუ მე ვცდები და თქვენ არ გსურთ სააკაშვილისა და მისი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება, მაშინ რა მიზანს ემსახურება გახშირებული განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ 1 მლნ 100 ათასი ამომრჩეველი უჭერს მხარს - საქსტატის იმ ინფორმაციის ფონზე, რომ აღწერით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 მლნ 929 ათასი 581 ადამიანი შეადგინა? რა მოსდის პირველ რიგში თავში რიგით ობივატელს, როდესაც ის ამ ინფორმაციას ისმენს? ის ხომ არა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას მისი მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი უჭერს მხარს?! კიდევ უფრო უარესია, თუ მოქალაქეები შემდეგ კომპიუტერთან მივარდებიან და შეიტყობენ, რომ საქართველოში — 3 მლნ 513 ათასი 818 ამომრჩეველია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო პარტია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა მესამედზე გაცილებით ნაკლები უჭერს მხარს...
რა თქმა უნდა, ხიდაშელი 100-ჯერ უკეთესი თავდაცვის მინისტრი იყო, ვიდრე რუხაძე — კულტურის მინისტრი, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ამ „წვრილმანებსაც“, თუ არ გსურთ, რომ ევროკავშირმა მომავალში არჩევნების გაყალბებაში გამხილოთ.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 2 აგვისტო
საქართველო, თბილისი