საზოგადოება
პრეზიდენტის ვენახში აკრედიტაციის გარეშე

daakavesooყვარელი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ყვარელში საქართველოს პრეზიდენტის ვენახში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაციის კახეთის რაიონული თავმჯდომარე გოგიტა მოსიაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, რომელიც ყვარელში გადაცემას – „აკრედიტაციის გარეშე“ – ამზადებდა. მისი გადმოცემით, ჟურნალისტი დააკავეს ავტომანქანით („პეჟოს“№ 821) მისულმა უფორმო პირებმა.

კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მოპოვებული ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ითვალისწინებს. ბინაში ან სხვა მფლობელობაში, ჯგუფურად, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორიდან ხუთ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შეგახსენებთ, გუშინ ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვენახში, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, მისი თანმხლები პირები, მათ შორის, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი დააკავეს. ჟურნალისტი სააკაშვილის ვენახში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყოს ჩასული. დაკავების შემდეგ ჟურნალისტს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კამერები წაართვეს და დაახლოებით ერთი საათის მერე გადაღებული ვიდეომასალის გარეშე დაუბრუნეს. ამ დროისთვის რამიშვილიც და მოსიაშვილიც თავისუფლები არიან.