საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა განაცხადა, მან რცხილაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იშუამდგომლა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გულბაათ რცხილაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.