საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. 2026 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს კლიმატის კვლევის (BAG ინდექსი) ფარგლებში გამოკითხულმა ქართულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობა და მოლოდინები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კვლევაში.
კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის 9-დან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში. BAG-ის ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის, დასაქმებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
კვლევა BAG-ის წევრ კომპანიებს ოთხ სექტორად ყოფს: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
„2026 წლის II კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. 2026 წლის II კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 47,6 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 30,0, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 66,5 ქულაა“, - ნათქვამია კვლევაში.
მეორე კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.
BAG-ის ინფორმაციით, საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი კვლავ აღმავალია.
2026 წლის მეორე კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია ყველა სექტორში.
2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო გაუარესდა ვაჭრობისა და სამრეწველო სექტორებში.
მიმდინარე ბიზნეს სიტუაციის ყველაზე მაღალი შეფასება დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობაში. გარდა ამისა, ყველაზე პოზიტიური ბიზნეს მოლოდინები კვლავ დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური - მშენებლობის სექტორში.