საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქის უფროსკლასელებმა ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად დიდი სამახსოვრო მარშრუტი გაიარეს, რომელიც დიდი სამამულო ომის ისტორიას მიეძღვნა. მოგზაურობის პერიოდში მათ ბელარუსისა და რუსეთის 13 ქალაქი მოინახულეს.
სიმბოლურია, რომ საიუბილეო სეზონი მინსკში დასრულდა, ხოლო დაიწყო ბრესტის ციხესიმაგრის კედლებთან, საიდანაც დიდი სამამულო ომი დაიწყო. თბილისელმა მოსწავლემ ორგანიზატორებთან ერთად საერთო პანოზე მინსკის სიმბოლიკიანი ნიშანი დაამაგრა, როგორც ხალხთა ერთიანობისა და საერთო ისტორიული მეხსიერების სიმბოლო.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კოსაჩოვმა ქართველი მოსწავლეების განსაკუთრებული მონაწილეობა აღნიშნა. „ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ „მეხსიერების მატარებელში“ უკვე პირველი წელი არ არის, რაც საქართველოს წარმომადგენელი ბავშვები ჩვენთან ერთად არიან. ის ბავშვები, რომლებმაც „მეხსიერების მატარებლის“ მარშრუტი გაიარეს, კეთილი ნების ელჩები ხდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეძლებენ იმას, რაც, შესაძლოა, ჩვენ არ გამოგვივიდა – აღადგინონ და განავითარონ ჩვენი ურთიერთობები, გახადონ ისინი ნამდვილად მეგობრული, რადგან ჩვენ ყველას ეს ძალიან გვინდა“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
თავის მხრივ, ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მუდმივი კომისიის წევრმა ალექსანდრე ლუკიანოვმა Sputnik Georgia-სთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა ქართველების წვლილს ბელარუსის გათავისუფლებაში. „ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს სამშობლოს ათავისუფლებდნენ არა მხოლოდ რუსები, ბელარუსები, არამედ, რა თქმა უნდა, მთელი მრავალეროვანი საბჭოთა ხალხი, რომლის წინა რიგებშიც ჩვენი ძმა ქართველები იდგნენ. ოპერაცია „ბაგრატიონი“, რომელიც პრაქტიკულად დიადი გამარჯვების გვირგვინი, ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება გახდა, ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო იყო“, – განაცხადა მან.