პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ღმერთი, ევროკავშირი და ქართული ოცნება

   საქართველოში „დემოკრატიის დეგრადაციის“ შესახებ ბოლო ორი ევროპული რეზოლუციის შემდეგ (ევროპარლამენტის 17 ივნისის, მიღებული 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ, და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 ივნისის, მიღებული 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ, 4 თავის შეკავებით), შემდგომი ინსინუაციები „ევროპული ბიუროკრატიისა“ და Deep State-ის შესახებ, რომლებსაც თითქოსდა არ აქვთ უფლება პრეტენზია განაცხადონ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლების სტატუსზე, უადგილოა. ქართველოფობია არ არის იმის მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დადგეს ევროკავშირის მოქალაქეების მიერ ევროპარლამენტში არჩეული და ეროვნული პარლამენტების შემადგენლობიდან PACE-ში დანიშნული დეპუტატების ლეგიტიმურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში არ ცნობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, მოიხსენიებენ რა მას როგორც „დე-ფაქტოს“, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ხოლო საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად ასახელებენ „ნემსიყლაპიაზურაბიშვილს (რუს. «Стрекоза»).

 თავის მოტყუება, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კარდინალურად შეიცვლება, უახლოეს პერსპექტივაში არ ღირს — ზუსტად ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გააჭიანუროს „ვნებანი ევროკავშირზე“. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თვალთმაქცური არსის ლუსტრაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების ყურადღების ზედმეტად მიჯაჭვა ევროკავშირის „ღალატზე“ რისკის შემცველია: ხედავს რა საქართველოს ხელისუფლების იმედგაცრუებას „ევროპული დემოკრატიული ღირებულებებით“, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ეტალონად საღდებოდა, ხალხმა შეიძლება „ქართული ოცნებისგან“ მონანიება მოითხოვოს. ხოლო აღსარების თქმა და ცოდვების აღიარება, როდესაც ორ ფრონტზე იბრძვი — გარე და შიდა მტრებთან, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უკუნაჩვენებია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ბრიუსელი არის ფეოდალი, რომელიც სუვერენიტეტს ანიჭებს თავის ვასალს, საქართველოს, როგორც პრივილეგიას; ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრიუსელმა გადააჭარბა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რომელიც უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს მისი ტერიტორიის ერთ მეხუთედზე, მაშინ როცა ბრიუსელი უარს ამბობს საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებაზე მის მთელ ტერიტორიაზე; ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრიუსელს თავი მეტროპოლიად მიაჩნია, რომელიც, საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე შეტევის გარდა, თავს ესხმის „მეორე ბურჯს“, მოიხსენიებს რა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას „რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში“. ანუ, პრაქტიკულად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის აგენტად და კრემლის „რბილ ძალად“ მოიხსენიებს, რითაც შეურაცხყოფს 3 მილიონზე მეტი მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს, რომლებმაც უკანასკნელ გზაზე გააცილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (უცხოეთის აგენტები, რომლებიც დღეს ოპოზიციის ალიანსში არიან წარმოდგენილნი, ილია II-ს ზუსტად ასეთივე ეპითეტებით მოიხსენიებდნენ).

ქართველებმა გულწრფელად დაუჯერეს პრემიერ ჟვანიას, რომ ისინი ძირძველი ევროპელები არიან, დმანისში ამოთხარეს ორი ჰომინოიდის თავის ქალა, დაარქვეს ზეზვა და მზია და გადააწყვეს საქართველოს კონსტიტუცია ევროპულ ყაიდაზე. მაგრამ საქართველო ევროკავშირში არ მიიღეს და 6-ჯერ სცადეს აქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. მაშინ რატომ აგრძელებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2024 წლამდე საგარეო პოლიტიკურ კურსს უალტერნატივო ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რასაც დღემდე ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი 78-ე მუხლი? ვინ მოიხდის ბოდიშს მრავალწლიანი ტყუილისთვის „ღირსებით ევროპისკენ!“?

თუ ხელისუფლება გვიპასუხებს, რომ შეცდა, რომ ის ევროპელებმა მოატყუეს, მაშინ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც კი იმედგაცრუებულნი დარჩებიან მისით, რადგან ხელისუფლება, რომელიც ცდება და რომელსაც ატყუებენ, ბევრი არაფერი ღირს. ხოლო თუ ხელისუფლება დათანხმდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ამით იგი აღიარებს 24 ივნისის PACE-ს ზემოაღნიშნული ანგარიშის დებულებების სისწორეს, ანუ — აღიარებს თავის არალეგიტიმურობას და 2024 წლის არჩევნებს გაყალბებულად. ამიტომ გასულ შაბათს, დუბროვნიკის ფორუმზე, საქართველოს პირველმა დიპლომატმა ბოჭორიშვილმა, როგორც ყოველთვის, განაცხადა, რომ „ევროკავშირი — საქართველოს მტკიცე სტრატეგიული არჩევანია და ბრიუსელის მცდელობა, საქართველოს იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაცაა“.

ამას შეიძლება სხვა ლეგიტიმური კითხვებიც მოჰყვეს, მაგალითად: „სააკაშვილის რეჟიმის დროს გვეუბნებოდნენ, რომ ერაყსა და ავღანეთში ჩვენ საქართველოსთვის ვიბრძვით, რადგან მადლიერების ნიშნად ნატო დაგვეხმარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაში. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ოპერაციებში კონტრიბუცია არ შეწყვიტა, თუმცა უმადურმა ნატომ საქართველოს მიღებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის საერთაშორისო სწავლებები ჩვენთან რატომღაც ძველებურად ტარდება. ვინ მოიხდის ბოდიშს ერაყსა და ავღანეთში ქართული კონტინგენტის შემადგენლობიდან დაღუპულებისა და დაჭრილებისთვის?“

   ქართულ-რუსულ ტრეკზე დადებითი ძვრების ალბათობა კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგების ალბათობა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები; საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო არ ჩქარობს რუსეთთან „ხიდის“ აღდგენას უკეთესი დროის მოლოდინში. თუმცა არც უარესისგან არის ვინმე დაზღვეული — მაგალითად, „გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანებისგან რუსეთის ფედერაციის საზღვრებში“.

როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, საქართველო რუსეთთან საუბარს ვერ აირიდებს. ეს არ იქნება მარტივი და მოკლე საუბარი. რუსეთის ხელშეწყობის გარეშე, თუნდაც მან უკან გაიწვიოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება და იქიდან სამხედრო ბაზები გაიყვანოს, ქართველი ლტოლვილებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნება რთული იქნება.

განა თბილისისა და მოსკოვის დიალოგის უვერტიურა რამეს გვავალდებულებს, ან შეიცავს არასასურველ სიურპრიზებს? არა, თუ მოსამზადებელ პროცესს ახორციელებენ უფლებამოსილი პასუხისმგებლიანი პროფესიონალები, რომლებსაც ხელთ აქვთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული რეალური ჩანახატები (და არა რუსეთში გაპიარებული მოლაყბე თვითმარქვიები ყალბი ბექგრაუნდებით, რომლებიც ყველა კუთხიდან ძვრებიან, როგორც ტარაკნები, თბილისსა და მოსკოვს შორის ხიდის - გამჭვირვალობისა და ოფიციალური კონტაქტების არარსებობის პირობებში).

   სამაგიეროდ საქართველოს მთავრობა წარმატებით მიიწევს წინ აღმოსავლეთის მიმართულებით - „აღმოსავლეთის კვადრატში“, როგორც მე ექსპრომტად ვუწოდე „შუა დერეფნის“ პროექტის ბენეფიციარებს — ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანსა და თურქეთს. ქსენოფობიით დაავადებული ქართული რადიკალური ოპოზიცია აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს „აზიატიზაციისთვის“, აცხადებს, რომ ხელისუფლება „ქვეყნის ევროპიზაციის ნაცვლად, მას მეორე ტაჯიკეთად და ყირგიზეთად აქცევს“; და ამავდროულად ხელისუფლებას „პრორუსულს“ უწოდებს, თუმცა საქართველოში რუსული საინფორმაციო-პოლიტიკური ტელეარხებიც კი დაბლოკილია, ხოლო უკრაინული არხები კვლავაც მაუწყებლობენ მთელი თავისი პროპაგანდისტული სიმძლავრით (იმის ფონზე, რომ კიევში საქართველოს „ფაშისტური რუსული რეჟიმის მოკავშირედ“ მიიჩნევენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას — „პრორუსულ, საზიზღარ და ამორალურ“ ძალად).

არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილს არ უღირთ საქართველოს მოქალაქეების ყურადღების გამახვილება ბრიუსელის მხრიდან „ქართული ოცნების“ ოსტრაკიზმზე. ხალხი პატივს სცემს ძლიერ ხელისუფლებას, ხოლო „ქართული ოცნება“ ძნელად თუ გამოაცხადებს პერსონა ნონ-გრატად ევროკავშირის ელჩს საქართველოში მას შემდეგ, რაც PACE-მ ზემოაღნიშნულ დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება ხალხის გარეშე არაფერს წარმოადგენს, მაგრამ რამდენად გონივრულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თბილისიდან გაძევება, როდესაც ბრიუსელი ახალი სანქციებითა და უვიზო რეჟიმის შეჩერებით იმუქრება? ვინ დავობს - „არა პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი“, მაგრამ პურის გარეშეც არ შეიძლება: საქართველო ხორბალსა და ფქვილს რუსეთიდან იღებს, ხოლო მისი მოქალაქეების მესამედი პურის ფულს ევროპაში შოულობს.

   სამართლიანობისთვის შეგახსენებთ, რომ პირველი უთანხმოებები „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის არა 2024 წელს, არამედ უფრო ადრე დაიწყო: 2021 წელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ნემსიყლაპია“ ზურაბიშვილის მიწვევით თბილისს ვიზიტით ეწვია... სამჯერ! იმავე 2021 წელს ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 9 დათქმა წაუყენა. „ქართველებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება ევროკავშირის ცხრა დათქმისა და ღვთის ათ მცნებას შორის“, — განვაცხადე მაშინ პრესკონფერენციაზე. სასიხარულოა, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი, რომელიც პასუხობს ქართველი ხალხის მისწრაფებებს — უპირატესობა მიანიჭა ტრადიციულ ქართულ მართლმადიდებლურ ღირებულებებს და არა ევროსტანდარტებს. ეს იმედს გვისახავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ დააფუძნებული „ქართული ოცნება“ შედგა როგორც ხელისუფლება და მალე ქართულ რეალობად იქცევა - მიანიჭებს ქართველ ხალხს დაპირებულ კეთილდღეობას.

სწორედ ამაში მდგომარეობს ქართული ოცნება.

   არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 29 ივნისი
საქართველო, თბილისი