აქტუალური
„სახალხო კრების“ ახალი პროგრამული განაცხადი

ndobisთბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესცენტრი საქინფორმს ატყობინებს, თეიმურაზ შაშიაშვილმა ბრიფინგზე წარადგინა „სახალხო კრების“ ახალი პროექტი „შიშიდან – თავისუფლებისაკენ“. ეს არის „სახალხო კრების“ ახალი  პროგრამული განაცხადი, რომელიც საზოგადოებას ოქტომბრის დასაწყისში წარედგინება. ამ პროექტის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ე.წ. ნდობის ჯგუფების შექმნა საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და რაიონში.

შაშიაშვილის განცხადებით, „ხალხი უფლებამოსილი და ვალდებულია, იცოდეს, სად იხარჯება მისი ფული – საქართველოს ბიუჯეტი“.

ბრიფინგზე შაშიაშვილმა წარადგინა „ნდობის ჯგუფების“ დებულება და განაცხადა: „პოლიტიკური გაერთიანება „თეთრები“ ბიუჯეტის დაგეგმვის, ფორმირების, განაწილების, ხარჯვის კონტროლის არსებული  მექანიზმის საერთო სახალხო მონიტორინგისათვის მოსახლეობას სთავაზობს ყველა ქალაქში, რაიონში, მუნიციპალურ დანაყოფში შეიქმნას საერთო-სახალხო ნდობითა და მხარდაჭერით აღჭურვილი მაღალმორალურ სპეციალისტთა ჯგუფები – „ნდობის ჯგუფები“.

აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მივესალმებით ყველას, ვინც დოკუმენტის სრულყოფის მიზნით მოგვაწოდებს  წინადადებებს. მოყვანილი ფაქტები და შეფასებები ეყრდნობა მეცნიერთა, ექსპერტთა, პრაქტიკოს მუშაკთა ნაშრომს „დღეს საქართველოში“, რომელიც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით მოთავსებულია „თეთრების“ ინტერნეტსაიტზე“.