პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „რევოლუცია მხოლოდ ქუჩაში ხალხის შეკრებას არ ნიშნავს“

saak3თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „კონკორდიას“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან არაბულ სამყაროში მომხდარ რევოლუციებსა და  „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. „არავის უწინასწარმეტყველებია და დაუგეგმავს რევოლუციები, რომელთა ტალღამ 1989 წელს გადაუარა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას; არც ის ფერადი რევოლუციები დაუგეგმავს ვინმეს, რომლებიც 15 წლის შემდეგ მოხდა. ახლა ისტორიამ კიდევ ერთი სიურპრიზი გაგვიკეთა – ჩრდილოეთ აფრიკაში მოულოდნელი რევოლუციების ტალღისა და არაბულ სამყაროსა და მის მიღმა ტექტონური ცვლების სახით.  რევოლუციებს შეუძლია არა მხოლოდ გარდაქმნას ის ქვეყნები, სადაც ისინი ხდება, არამედ ყველას გვაიძულებს, ხელახლა დავფიქრდეთ და ახლებურად დავინახოთ მსოფლიო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შვიდი წლის წინათ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, მომაკვდავი ეკონომიკით და გაბატონებული  კორუფციით. „შესაძლოა, ისიც იცოდეთ, რომ მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც, საბედნიეროდ, სათავეში მე ვედექი. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა იმ ქვეყნის მართვა, რომელიც თავზე გვენგრეოდა და თანაც ამის კეთება მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევდა, იმ პირობებში, როდესაც მზარდი რევიზიონისტური რუსეთის ფედერაცია კარს გვყავდა მომდგარი. სლოგანები, ვარდები, დროშები და დოქტრინები – საშუალებები, რომელსაც ჩვენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ვიყენებდით, საკმარისი აღარ იყო. ჩვენ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ რევოლუცია მხოლოდ ქუჩაში ხალხის შეკრებას არ ნიშნავს – ის რეფორმების გრძელ და რთულ პროცესს მოიცავს, რომელიც რევოლუციურ ტალღას მოჰყვება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.