რელიგია
სომეხთა სამოციქულო ეკლესიას საქართველოს საჯარო რეესტრისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს

armyanskaya_cerkovთბილისი. 21 სექტემბერი. საქინფორმი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 15 ივლისს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უწყებაში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ დარეგისტრირდა, 20 სექტემბერს კი – „საქართველოში ეზიდთა სასულიერო კრება“.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს საჯარო რეესტრს „აჰლი ბეითის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების თხოვნით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რასიმ მამედოვმა მიმართა, თუმცა გარკვეული ხარვეზების არსებობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს მათ აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღე მიეცა.

დღეს კი რეესტრს „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ჯუზეპე პაზოტომ მიმართა. დღესვე სააგენტოში შესაბამისი განაცხადი „საქართველოში ასირიულ-ქალდეურმა კათოლიკურმა თემმაც“ შეიტანა.

რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადა, საქართველოს კანონმდებლობით, 1 სამუშაო დღით განისაზღვრება. შესაბამისად, დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში დღეს შეტანილ განაცხადებზე რეგისტრაცია ხვალ დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ სომეხთა სომოციქულო ეკლესიას, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებას ყველაზე ღიად და აქტიურად ითხოვდა, შესაბამისი განაცხადი საჯარო რეესტრში ამ დრომდე არ შეუტანია.

შეგახსენებთ, რომ რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 5 ივლისს მიიღო.