თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. 21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაულია (ძვ. სტილით, 8 სექტემბერი). ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში წირვა აღევლინა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმიდესმა ქადაგების დროს ღვთისმშობლის მიერ საქართველოს მფარველობასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე ისაუბრა.პატრიარქმა ბრძანა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მთელი სამყაროს და, განსაუთრებით, საქართველოს მფარველია, რადგან ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია.
„მაცხოვარი ხედავდა, რომ საქართველო შეინახავდა მართლმადიდებლობას“, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ღვთისმშობელს შესთხოვა საქართველოს გამთლიანება, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, დათრგუნვა „ყოველი მბრძოლისა და მტრისა საქართველოსი“.
უწმინდესის აღნიშვნით, ხვალ, 15:00 საათზე, კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი ჩამობრძანდება. 15.30 საათზე კი კვიპროსის ეკლესიის მეთაურს სამების ტაძარში მიიღებენ. უწმინდესმა მიმართა მრევლს, ვისაც შესაძლებლობა ექნება, დახვდნენ მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსს და მისგან კურთხევა მიიღონ.
დღეს კი 19:00 საათზე კი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი სნეულ და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს დალოცავს.
დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში დღეს წირვაზე მიაბრძანეს ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის მთაზე ერთ-ერთი სკიტის ბერების მიერ არის დაწერილი.
ხატი ივერის ღვთისმშობლის სახელობის მახათას მთის მონასტრის წინამძღოლის მამა საბა კუჭავას კურთხევით, საქართველოს ტაძრებში მოსალოცად დაბრძანდება. ხატმა უკვე რამდენიმე ტაძარი მოილოცა.