საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. 2025 წელს საქართველოს თითოეულმა მცხოვრებმა საშუალოდ 166 კვერცხი, 60 კილოგრამი კარტოფილი, 48 კილოგრამი სიმინდი და 16 კილოგრამი საქონლის ხორცი მოიხმარა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“-ის პუბლიკაციაში წერია.
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ დაბალი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები რჩება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“-ის მიხედვით, ქვეყანა რიგ ძირითად სასურსათო პროდუქტებში კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტზე, თუმცა რამდენიმე მიმართულებით ადგილობრივი წარმოება შიდა მოთხოვნას სრულად ან მეტწილად ფარავს.
დოკუმენტის მიხედვით, რძისა და რძის პროდუქტების სასურსათო ბალანსი აჩვენებს, რომ ადგილობრივი წარმოება 2022 წლის შემდეგ (565 ათასი ტონა) ყოველწლიურად მცირდება და 2025 წლის მონაცემებით 556 ათას ტონას შეადგენს.
პარალელურად, მზარდია შიდა მოთხოვნა, რამაც სასურსათო მოხმარება 2025 წელს 793 ათას ტონამდე გაზარდა. ამ დეფიციტის შევსება იმპორტის ხარჯზე ხდება, რომელიც 2022 წლიდან (175 ათასი ტონა) 2025 წლამდე 264 ათას ტონამდე გაიზარდა. შედეგად
რძის პროდუქტებში ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 77%-დან 68%-მდე შემცირდა.