აქტუალური
ლავროვი: „საქართველოში არიან პრაგმატული ადამიანები“

   (რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, .. ლავროვის ინტერვიუდან, მულტიმედიური საინფორმაციო ცენტრიიზვესტია“, სანქტ-პეტერბურგი, 2026 წლის 5 ივნისი)

   „... იყო საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა და ღია მცდელობა. იქ ჩადიოდა აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი კ. რაისი და შეერთებული შტატების სხვა წარმომადგენლები. 2008 წლის აპრილში, სამხრეთ ოსეთის ომამდე ცოტა ხნით ადრე, ბუქარესტში გაიმართა რუსეთ-ნატოს სამიტი. იქ ალიანსის ქვეყნებმა მიიღეს ცალკე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში იქნებიან. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი რუსეთ-ნატოს შეხვედრაზე ეკითხებოდა მათ, თუ რატომ გააკეთეს ეს, მათი ახსნა-განმარტებები გაუგებარი იყო.

ნათელია, რომ მ.ს. სააკაშვილმა, როგორც ჩვენში იტყვიან, „ჭკუა დაკარგა“. მან გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია, რადგან ის ნატოში იქნება. მან გასცა სამხრეთ ოსეთში აგრესიის სანქცია, მათ შორის რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის. ამ აგრესიას სამოქალაქო მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ დაადასტურა, რომ სწორედ მან დაიწყო ეს ომი. მაგრამ ყველასთვის, ვინც კვლავაც გვადანაშაულებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაში, ეს „როგორც ბატს წყალი“, ისეა. არავის სურს ამის აღიარება.

ასევე გვადანაშაულებენ იმაში, რომ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის „ანექსია“ მოახდინა. ჩვენ კი, როდესაც ევროპასთან ჯერ კიდევ ვსაუბრობდით, მათ ყურადღებას ვამახვილებდით იმაზე, რომ ამას წინ უძღოდა სახელმწიფო გადატრიალება. ორი დღის შემდეგ პუტჩისტებმა გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა გაეუქმებინათ რუსული ენის სტატუსი და გაგზავნეს შეიარაღებული მებრძოლები ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობის შტურმისთვის. საპასუხოდ ყირიმელებმა ჩაატარეს რეფერენდუმი. მაგრამ ეს არავის ადარდებს. ისტორიის ეს ნაწილი გაუქმებულია. ევროპელების თვალში ყველაფერი რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის „ანექსიით“ დაიწყო.

ზუსტად ასევე, არ ყოფილა არანაირი თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. მათი აზროვნების პარადიგმით, რუსეთმა უბრალოდ მოახდინა საქართველოს ნაწილის — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ისინი დღემდე ამოსავალ წერტილად ამას იყენებენ.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ადასტურებს თავის კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ მაშინ მათ მოუწევთ შეწყვიტონ იმ ქვეყნად ყოფნა, რომელიც განთქმულია თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს მისი გაფართოების მეორე ან მესამე „ტალღის“ დროს შეუერთდა, კარგავდა თავის აგრარულ მრეწველობას, რადგან გაერთიანებაში არიან „მეტრები“, რომლებსაც საკუთარი სოფლის მეურნეობა, გლეხები და ინტერესები აქვთ. ამჟამად საქართველოს ვაჭრობის 70% ხორციელდება რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან. მნიშვნელოვანი წილები აქვთ ჩინეთსა და სხვა ქვეყნებსაც. ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ საქართველო ევროკავშირში შევა, იმის ცოდნით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი „ახალბედებს“, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებისა და ევროკომისიის ყველა საგარეო პოლიტიკური ქმედების აღიარების მოთხოვნაზე.

მიმაჩნია, რომ საქართველოში არიან პრაგმატული ადამიანები. ჩვენ რეგულარულად ვინარჩუნებთ ურთიერთობებს. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და ქართული ბუნებითა და სტუმართმოყვარეობით ტკბობა.“