აქტუალური
ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში ვმონაწილეობთ, რათა მეტად დავაახლოოთ საპარლამენტო განზომილებები

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. მოგეხსენებათ, საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ, რათა კიდევ მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, – ამის შესახებ განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ვილნიუსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე იმყოფება.

სამხარაძის განცხადებით, სესიაზე განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო რუსეთთან მიმდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი.

ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ნატო-ს გენმდივანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში მონაწილეობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ეს სესია დაიწყო ორი დღის წინ და დღეს სრულდება. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია: რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატო-ს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება, ასევე სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და, ზოგადად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. ასევე, დღეს მოვისმინეთ ნატო-ს გენმდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე დახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია, შესაბამისად, უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან ნატო-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს. მოგეხსენებათ, საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა. ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ, რათა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.