პუბლიკაციები
სახელმწიფო ენის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის „მეგობრობის სახლისა" და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები.

სახელმწიფო ენის კურსი, პროგრამის ფარგლებში, 15-მა მსმენელმა დაასრულა წარმატებით და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღო. მონაწილეებმა კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორც საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველზე.სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას თბილისის

„მეგობრობის სახლი" უკვე მერვე წელია ახორციელებს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავება, რაც ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას, განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.