საზოგადოება
არჩილ გორდულაძე: ქართველ ხალხს სურვილი გვაქვს, არცერთი ქვეყნიდან დირექტივა არ მივიღოთ

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ქართველ ხალხს სურვილი გვაქვს, არცერთი დედაქალაქიდან და ქვეყნიდან დირექტივა არ მივიღოთ. არავისზე ნაკლები ერი არ ვართ. კეთილი ინებოს ყველამ და თანასწორი დამოკიდებულება ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, სჯობს, საქართველოს თანასწორად მოექცნენ და ქართველ ხალხზე თავდასხმას თავი დაანებონ.

სამწუხაროდ, ადამიანები არიან, რომელთაც სიტყვის თქმის უფლებაც არ აქვთ, არც იმის, რომ თავიანთი დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეთ. ცოტა ხნის წინ ვიხილეთ უცხოეთიდან მიღებული ტექსტი, ქართულად თარგმნილი ისე წაიკითხეს, რომ სიტყვა არ შეუცვლიათ, სასვენი ნიშნებიც არ ჩაუსწორებიათ. ახლა განცხადებას აკეთებენ, თურმე როგორ შეიძლება, დამოუკიდებელმა ერმა ხმა აიმაღლოს და მთავრობის ხელმძღვანელმა პასუხი მოითხოვოს, თურმე დანიაში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოში კი ძალადობრივ აქციაზე საპასუხო რეაგირება დემოკრატიული უკუსვლაა. ეს ორმაგი სტანდარტი კი არა, უსტანდარტობაა და ამაზე პასუხის მოთხოვნა არაევროპული ყოფილა. ქართველ ხალხს სურვილი გვაქვს, არცერთი დედაქალაქიდან და ქვეყნიდან დირექტივა არ მივიღოთ საქართველოს მიმართ. კეთილი ინებოს ყველამ და თანასწორი დამოკიდებულება ჰქონდეს. არავისზე ნაკლები ერი არ ვართ, არავისზე ნაკლებად არ ამოგვეღება ხმა. სჯობს, საქართველოს თანასწორად მოექცნენ და ქართველ ხალხზე თავდასხმას თავი დაანებონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა. წერილში პრემიერმა კითხვით მიმართა ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს: „როგორ აფასებთ ძალადობას კოპენჰაგენში, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?“.