საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. თბილისის სასულიერო სემინარიამ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის სასულიერო განათლება დაადასტურა.
სასულიერო სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა განაცხადა, რომ სემინარიის დასკვნის მიხედვით „შესრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა“.
„კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ რა დასკვნაც დადო, იმ დასკვნის მიხედვით შესრულდება ყველა პროცედურა. დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა დურმიშხან ლაშხმა.
შეგახსენებთ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქო კანდიდატის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა.
კერძოდ, ეპისკოპოსის თქმით, კანდიდატების გამორჩევის დღეს, "გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტობრივად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი". ჯამდელიანი აცხადებს, რომ "ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტიურად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის" და "დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული".