საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაციული ნაკადი მიიღო. იმიგრაციის პიკი 2022 წელს იყო, თუმცა 2025 წლის სტატისტიკა, რომელიც საქსტატმა ახლახან გამოაქვეყნა აჩვენებს, რომ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 108,222 მოქალაქე კვლავ გრძელვადიანად იმყოფება საქართველოში.
ეს საქართველოს მოსახლეობის - 3.9 მილიონის 2.6%-ია. უფრო დეტალურად, ეს 108,222 ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება - რუსეთის მოქალაქეები 72,527 ადამიანი; უკრაინის მოქალაქეები - 24,440 ადამიანი; ბელარუსის მოქალაქეები 11,255 ადამიანი.
რეგიონების მიხედვით, მიგრაცია ძირითადად თბილისს და ბათუმს შეეხო. ამასთან, სწორედ იმიგრაცია გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც 2024 წლის ბოლოს ჩატარებული საყოველთაო აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოელების რაოდენობასაც მოიცავს. საქსტატის თანახმად, მთლიანობაში ქვეყანაში 257,000 უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს გრძელვადიანად, საიდანაც 108,222 უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ემიგრირებული რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეები არიან.
საქსტატის ანგარიში აჩვენებს, რომ იმიგრაციის მხრივ 2024 და 2025 წლებში რუსეთთან შედარებით საქართველოში უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე ემიგრირდა, მეტიც რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა ამ პერიოდში შემცირდა, ასევე იკლო ქვეყანაში გრძელვადიანად მყოფი ბელარუსის მოქალაქეების რიცხვმაც.
bm.ge