პოლიტიკა
ვაშაძემ და ბასმა მსო-ს შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს

vashadze_bassთბილისი, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრებაზე თანხმობის მისაღებად თბილისსა და მოსკოვს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს.

მინისტრსა და ელჩს შორის შეხვედრა, სადაც, ასევე, განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მსო-ზე ჟენევაში გამართული, როგორც თბილისმა უწოდა, უშედეგო მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდიდან ორი დღის შემდეგ შედგა.

ამავე დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსო-ს თემაზე რუსულენოვან უკრაინულ გაზეთ „Сегодня“-თან ინტერვიუში ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი.

„ეს წმინდა ტექნიკური საკითხია, – განაცხადა მან 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. – ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ ასეთი მეთოდით ვცდილობთ ოკუპაციის საკითხის მოგვარებას. არა. ეს კონკრეტულად ტექნიკური საკითხია, რომელიც მსო-ს ნორმებს უკავშირდება – საზღვრის გამჭვირვალობას ტვირთების და მომსახურეობის გადაადგილების კუთხით. და ამ თვალსაზრისით რუსეთმა ამ მოთხოვნების მინიმალური უნდა შეასრულოს“.

„რუსეთთან პრობლემა იყო ის, რომ თავდაპირველად ჯიუტად უარს ამბობდა საუბარზე. ახლაც კი, მოლაპარაკებების დროს, უარზეა, ჩვენ  ქვეყანა გვიწოდოს, არამედ ტერიტორიულ-ეთნიკურ ერთეულად მოგვიხსენიებს. თუ შენ ასე გიწოდებენ, მოლაპარაკება რთულია“, – აღნიშნა მან.

„მართლა ტექნიკური პრობლემიდან გახადეს პოლიტიკური. დიახ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ ჩვენ არ ვისურვებდით მათ ამ საკითხთან აღრევას. ჩვენ პრაგმატულად ვართ დაინტერესებული, რომ სავაჭრო ნორმები მოწესრიგდეს. სხვათა შორის, ყველა ჩვენს პარტნიორს ეს შესანიშნავად ესმის. და ამ საკითხში ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ არის“, – განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც წინა კვირას იქნა ჩაწერილი.