საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მთავრობის ბედი ხალხის და არა გარე ძალების ხელშია, რაც უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა ნათლად აჩვენა, განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.
12 აპრილს გამართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები მადიარის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ამომრჩეველთა ხმების 98,79%-ის დათვლის შედეგებით, ლიდერობს ოპოზიციური პარტია „ტისა“, რომელიც, წინასწარი შეფასებით, ქვეყნის პარლამენტში 199 ადგილიდან 138-ს მოიპოვებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და აღნიშნა, რომ მისი პარტია „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გააგრძელებს.
იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორბანის პარტნიორია და ამ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებაზე დიდ იმედებს ამყარებდა, საქართველოში ოპოზიცია იმედოვნებს, რომ „ოცნებას“ ევროკავშირში დამცველები აღარ ეყოლება.
„მორიგი პოლიტიკური გაკვეთილი უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის: ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის. რეალობა კი ის არის, რომ საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს - ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის“, - განაცხადა ანანიძემ.
მისი თქმით, ეს უნდა იყოს პოლიტიკური გაკვეთილი გარედან მართული ოპოზიციისთვის.