თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა გუშინ 92 ხმით პირველი მოსმენით ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც პრივატიზაციის ახალი ფორმის შემოღებას – სახელმწიფო კომპანიების აქციათა პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე გაყიდვას ითვალისწინებს.
ინიციატივის შესახებ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აგვისტოში გამოაცხადა. მაშინ მან განაცხადა, რომ ეს ინიციატივა რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე 15-20-25 პროცენტი აქციების განთავსების შესაძლებლობას შექმნის.
თუმცა კანონპროექტში არსადაა კონკრეტულად მითითებული, თუ სახელმწიფო კომპანიის რამდენპროცენტიანი წილი შეიძლება გასხვისდეს პრივატიზაციის ამ ფორმით.კანონპროექტში მხოლოდ ის არის ნათქვამი, აქციების განთავსებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს, რომელმაც განკარგულებით უნდა დაადგინოს „პრივატიზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების, საპრივატიზებო თანხის გადახდის და ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ვადები, ანგარიშსწორების პირობები, ასევე, საწყისი საპრივატიზებო საფასური“.
იმ კომპანიებს შორის, რომელთა აქციების განთავსებასაც მთავრობა საერთაშორისო ბირჟებზე გეგმავს, არიან „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, ასევე „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53 პროცენტს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების აქციების მხოლოდ 15-დან 25 პროცენტამდე გაყიდვის შესაძლებლობაზე გააკეთა განცხადება, პარლამენტში, გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, უკვე ინიცირებულია ცვლილებები ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სახელმწიფოს აქციების 50 პროცენტზე მეტი წილის ფლობის გარანტია ექნება. კანონის დღევანდელ რედაქციაში ეს მინიმალური ოდენობა 75 პროცენტით არის განსაზღვრული.
„შესაბამისად, თუ აქამდე უცხოურ ბირჟებზე ნავთობის ეროვნული კომპანიის აქციების მხოლოდ 25 პროცენტი უნდა გასულიყო, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბირჟაზე გასატანი აქციების რიცხვი გაიზრდება... ხელისუფლებას 49.9 პროცენტის გასხვისების უფლება ექნება“, – წერს გაზეთი.
აღნიშნული ინიციატივის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.
როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, საერთაშორისო ბირჟებზე სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტებიც გაიტანოს გასაყიდად, თუ ამის წინააღმდეგ რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია არ იქნება ჩადებული.
ცვლილებების მიღებამდე 13 სექტემბერს გამართული საპარლამენტო დებატების დროს დეპუტატებმა ოპოზიციიდან მოუწოდეს კოლეგებს მმართველი პარტიიდან, რომ არ ეჩქარათ ამ ცვლილებების დამტკიცება, რადგან იგი შეიცავს „საფრთხეს“ იმისას, რომ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის გაზსადენს, რკინიგზას, საერთაშორისო ბირჟების მეშვეობით რუსული კაპიტალი ან სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყნის კომპანია „ჩაიგდებს ხელში“.
„ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ძირის გამოთხრა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების და გეოპოლიტიკურ ფუნქციის“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
მმართველი პარტიის დეპუტატების მტკიცებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ აპირებს საერთაშორისო ბირჟებზე სახელმწიფო კომპანიების საკონტროლო პაკეტების გაყიდვას.
„ამ ობიექტების საკონტროლო პაკეტების გაყიდვა არათუ არ იგეგმება, არამედ მუდმივად და უვადოდ დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა თავის გამოსვლაში და ნავთობისა და გაზის კანონში დაგეგმილ ცვლილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ „ცალკე აღებულ მიმართულებებზე 50%-ზე მეტი უნდა იყოს საქართველოს სარგებლობაში“.
„თუ სადმე რაიმე არის სხვაგან ჩასაწერი [კანონში], ამაზე უკან არავინ დაიხევს“, – დასძინა მან.
თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ისინი სიტყვაზე ვერ ენდობიან მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელებს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, მისი პარტია აპირებს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, რომელიც მთავრობას ბარიერს შეუქმნის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების საკონტროლო პაკეტების გასხვისებაში.