პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე

azhubalisთბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა, რომელიც თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს, 13 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. მან, ასევე, ისაუბრა თბილისსა და ბრიუსელს შორის უვიზო მიმოსვლის დიალოგის დაწყების სასარგებლოდ.

ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას აჟუბალისმა განაცხადა, რომ მათ „არსებითად იმსჯელეს“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ვარშავაში 29-30 სექტემბერს გაიმართება.

„ჩვენ არ გვინდა ცარიელი განცხადება; ჩვენ გვსურს ძალიან კონკრეტული დეკლარაცია სამიტისგან“, – განაცხადა აჟუბალისმა, რომლის ქვეყანაც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეობს და დასძინა, რომ ლიტვა „მეგობრებთან“ ერთად „ძალიან ძლიერად მუშაობს, რათა გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ქვეყანაზე არსებითი დეკლარაციის მისაღებად“.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ „ასევე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს“.

„მე არ ვაკონკრეტებ, როდის, მაგრამ... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ძალიან ოპტიმისტურ გზას ადგას, – განაცხადა მან, – საქართველო სწორ გზაზე დგას ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დაწყებასთან მიმართებაში;  ცხადია, ეს ნათელია და ჩვენ სრულად ვუჭერთ ამას მხარს“.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, საქართველოს ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ „მომავალი წლისთვის  ჩვენი მთავარი მიზანი არის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის დაწყება ევროკავშირთან“.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო შეთანხმება, რომელმაც საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების პროცედურა გაამარტივა, ძალაში 2011 წლის მარტში შევიდა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედებასთან ერთად.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო სავიზო საკითხებზე მოლაპარაკებები მოლდოვასთან და უკრაინასთან – ორივე ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანა, საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ნაწილია.

„ჩვენ, ასევე, გვინდა, რომ შესაძლებლობის მიხედვით დავაჩქაროთ მოლაპარაკებების დაწყება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რაც ევროპაში ნათელს გახდის, სულ ცოტა, იმას, თუ სად რჩება საქართველო – როგორც ჩვენ ვხუმრობთ – სინგაპურის მხარეს, თუ ბრიუსელისკენ“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტისას.

სალომე სამადაშვილმა 12 სექტემბერს, ასევე, განაცხადა, რომ „წლის ბოლომდე საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ევროკავშირთან.