აქტუალური
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 438-მა დეპუტატმა, 37 წინააღმდეგ იყო, 81-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლისსამართლებრივ დევნას“. ასევე, „გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით; მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც, ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია“.

ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მოითხოვს „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ, ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება“.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი. პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული, ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ“.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, „დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე“.

ამასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ „პოლიტპატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან. 2025 წლის დეკემბერში პარლამენტმა სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელიც ამჟამად საქართველოში პატიმრობაში იმყოფება“.