ირანში ომის დაწყების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ტყუილად როდი გადაარქვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ომის სამინისტროდ, როგორც ეს 1789-დან 1949 წლამდე იყო. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი პიტ ხეგსეტი აშშ-ს ომის მინისტრად იქცა. მე კი გამახსენდა ქართული მულტფილმი „სიზმარა“, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ მეფეს ომის მინისტრი ჰყავს, როგორც ტრამპს. არამედ იმიტომ, რომ ზღაპარი ღარიბ ყმაწვილზე, რომელსაც მოხუცი დედა ჰყავს და რომელმაც წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა - „აქეთ - მზე, იქით – მთვარე, უკან კიდე – ვარსკვლავები“ - აშკარად უდარდებლად მძინარ საქართველოზეა. საქართველოს ერთ მხარეს ხომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მართმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ ჩრდილოეთიდან ამომავალ მზეს შეადარა; მეორე მხარეს – ისლამური სამყარო, რომლის სიმბოლოც ნახევარმთვარეა; ხოლო უკან ვარსკვლავები ლურჯი ცის ფონზე – ეს ხომ ევროკავშირის დროშაა. ყმაწვილის დედა კი ქართლის დედაა, რომელიც დედაქალაქს სოლოლაკის ქედიდან გადაჰყურებს და თავის შვილებს იცავს.
ვინ არიან მოცეკვავე ვირთხები, რომლებიც მეფეს ყოველ ღამე ესიზმრება და ფინალში თანაც გაიყოლებენ? ესენია სწორედ ის „ვირთხები“, რომლებმაც მოატყუეს „მეფე“ ტრამპი – აქაოდა სპარსელებს შენი მოკვლა უნდათ, როგორც მოკლეს გრიბოედოვი, რომელიც თბილისში, მთაწმინდის პანთეონში განისვენებსო! და ბოლოს დაითანხმეს დაეწყო ომი, რის გამოც ტრამპი რისკავს წააგოს შუალედური არჩევნები და რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი 2028 წლის ნოემბერში.
მაგრამ ქართულ ზღაპრებს ბედნიერი დასასრული აქვთ: სიზმარას და პრინცესას ერთმანეთი შეუყვარდებათ, დაქორწინდებიან და შვილებს გააჩენენ.
„გაქვთ რაიმე გეგმა, მისტერ ფიქს?“
ავსტრალიური მულტსერიალის „80 დღე დედამიწის გარშემო“ ანტიგმირს მთელი სამი გეგმა ჰქონდა, მაგრამ აქვს თუ არა ერთი მაინც აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს, თუ 28 თებერვლის შემდეგ ის სიტუაციურად და სპონტანურად, როგორც სიზმარში, ისე მოქმედებს?
თავდაპირველად ტრამპის ლოგიკა გასაგები იყო:
• შექმნა „ტრამპის მარშრუტის“, ანუ „შუა დერეფნის“ ჯერ არ არსებულ მონაკვეთს, რომლის მნიშვნელობაც უნდა გაიზრარდოს სპარსეთის ყურეში ომების დროს, თავისი სახელი დაარქვა;
ცნობისთვის: „აფრიკული მარშრუტი“ - საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან და ინდოეთიდან ევროპაში აფრიკის გვერდის ავლით ორი ოკეანის (ინდოეთის, ატლანტის) გავლით, არარენტაბელურია: ამას სჭირდება 24 დღე, მაშინ როცა სუეცის არხის გავლით მარშრუტი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ევროპაში 14 დღეს იკავებს; გზაში ზედმეტი 10 დღე კომპანიებს დამატებით 1 მილიონი დოლარი უჯდებათ. გარდა ამისა, „აფრიკული მარშრუტი“ სახიფათოა რთული ამინდის პირობებისა და კეთილი იმედის კონცხთან არსებული მეკობრეობის გამო. საზღვაო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში ჩრდილოეთის საზღვაო გზით, ასევე ორი ოკეანის (წყნარი, ჩრდილოეთის ყინულოვანი) გავლით, იშვიათად გამოიყენება, მხოლოდ ზაფხულში (ჩინეთს არ ჰყავს ყინულმჭრელი ფლოტილია, როგორც რუსეთს).
სუეცის არხის ალტერნატიულ არსებულ და დაპროექტებულ მარშრუტებს სახმელეთო სუეცის არხს უწოდებენ. ჩინეთმა, დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტების აღდგენის ფარგლებში, წამოაყენა გლობალური ინიციატივა „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, რომლის ერთ-ერთი მარშრუტია „შუა დერეფანი“, რომელიც პრაქტიკულად შთანთქავს TRACECA-ს პროგრამას. „შუა დერეფანი“, ანუ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) გადის ჩინეთიდან, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის (აქტაუ-ბაქოს საბორნე გადასასვლელი), აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით, შემდეგ შავი ზღვის აკვატორიის გავლით (ფოთის საზღვაო პორტიდან, პერსპექტივაში – ანაკლიიდან), ან „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით, ან ავტოტრეილერებით სარფის სახმელეთო საზღვრის გავლით, თურქეთში და იქიდან, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის გავლით, ევროპაში. თუმცა საქართველოდანაც ევროპაში მოხვედრა შეიძლება, ოღონდ შავი ზღვით: ფოთის პორტიდან საბორნე გადასასვლელით – კონსტანცას პორტში (რუმინეთი); ბათუმის პორტიდან – საბორნე გადასასვლელით ბურგასისა და ვარნას პორტებში (ბულგარეთი).
2028 წელს „შუა დერეფანს“ აზერბაიჯანის შემდეგ ორი ალტერნატიული გაგრძელება უნდა მიეღო, ორივე - საქართველოს გვერდის ავლით, მაგრამ ირანთან ომი, ვფიქრობ, შეიტანს ცვლილებებს ამ გეგმებში. ეს არის ზანგეზურის დერეფანი, რომელიც სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სომხეთს, აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის წინასწარი შეთანხმებით, 99 წლით აშშ-ის მართვაში გადავა. ზანგეზურის დერეფანს დაერქვა „ტრამპის მარშრუტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), მარშრუტი აზერბაიჯანიდან გადის სომხეთის ტერიტორიაზე და მიდის ნახიჩევანის ექსკლავში, იქიდან კი - თურქეთში. მეორე კი - არაქსის დერეფანია, რომელიც გადის ზანგეზურის პარალელურად, მაგრამ მდინარე არაქსის მოპირდაპირე ნაპირზე - ირანის ტერიტორიაზე, და ასევე აკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, იქიდან კი თურქეთში მიდის. ეს მარშრუტი სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოქმედებს, მაგრამ არაქსზე ახალი ხიდის დასრულების შემდეგ მისი შესაძლებლობები გაფართოვდება.
• მიიტანა საცდელი ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნატანზსა და ისპაჰანში 2025 წლის ივნისში;
• 2025 წლის 5 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ომის სამინისტროდ გადაარქვა;
• გამოიწვია საპროტესტო აქციები ირანში 2025 წლის დეკემბერში ხელისუფლების შესაცვლელად და ჩინეთში ექსპორტირებულ ირანულ ნავთობსა და გაზზე კონტროლის დასამყარებლად. რაც არ გამოვიდა - მიუხედავად 1979 წლის შემდგომი სანქციებისა და მათით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური პრობლემებისა, ირანელები მხარს უჭერენ თავიანთ ხელისუფლებას;
• შეცვალა ხელისუფლება ვენესუელაში, რათა კონტროლი დაემყარებინა ვენესუელის ნავთობზე;
• 28 თებერვალს დაიწყო ომი ირანის წინააღმდეგ, რათა შეიცვალოს ხელისუფლება და კონტროლი დაწესდეს ირანულ ნავთობზე, რომელიც ჩინეთს მიეწოდება.
მაგრამ რადგან ირანზე იერიშებმა მხოლოდ გააერთიანა მოსახლეობა სულიერი ლიდერის გარშემო; რადგან ირანის საპასუხო დარტყმებმა ყურის ქვეყნებზე განხეთქილება შეიტანა არა ირანსა და ყურის ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით - განაწყო ისინი ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ორშაბათს ვიწინასწარმეტყველე, ხელით მართვაზე გადავიდა - გამორთო ხელოვნური ინტელექტი და გამოაცხადა „აშშ-ის ეპიკური გამარჯვების შესახებ“.
მაგრამ თამაშიდან გამოსვლა ტრამპისთვის მარტივი ამოცანა არ აღმოჩნდა:
• ირანი, რომელიც თავდაპირველად პასუხობდა იაფფასიანი თვითნაკეთი რაკეტებით, რომლებსაც აშშ და ისრაელი სუპერძვირადღირებული რაკეტებით ანადგურებდნენ, ახლა მიწისქვეშა გვირაბებიდან სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური „სათამაშოებს“ ეზიდება სწრაფმავალი უპილოტო კატერების, წყალქვეშა და წყალზედა ჰიპერბგერითი რაკეტების სახით, ასევე გატეხა ისრაელის სარკინიგზო სისტემა;
• ისრაელი აცხადებს, რომ იომებს მანამ, სანამ არ აღმოფხვრის ებრაული სახელმწიფოსთვის არსებულ ეგზისტენციალურ საფრთხეს, არ შეასუსტებს თეირანის სამხედრო პოტენციალს, აიათოლას რეჟიმის შეცვლა კი მას თურმე საერთოდ არ აინტერესებს (აშშ-ისგან განსხვავებით, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლება ირანის ენერგომატარებლებზე კონტროლისთვის სჭირდება).
გარდა ამისა:
• სხვა ნახევარსფეროდან სამი გემით ჩამოსულმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომელთა ლობსტერების საუზმეებზეც პენტაგონმა 22 მლნ დოლარი დახარჯა (კამპანიის 12 დღე 12 მლრდ დოლარი დაჯდა), რა თქმა უნდა, დიდი სამხედრო ძალა აჩვენეს და მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს არ გაუბედავს ირანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა. ირანი მარტო იბრძვის, მაგრამ ირანი, ისევე როგორც ავღანეთი, არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გადავიდეს ომის რეჟიმში და იცხოვროს ამ მდგომარეობაში განუსაზღვრელი დროით;
• აშშ-ს და G7 - IEA ქვეყანას არ ეყოფა არანაირი სტრატეგიული მარაგები, რათა დააკომპენსიროს ირანის წილი, რომლითაც ჩინეთისა და არა მხოლოდ მისი უზრუნველყოფა ომის შეწყვეტის შემდეგ სწრაფად ვერ მოხერხდება: დანაღმულია თუ არა ჰორმუზის სრუტე? როდის აღადგენენ ინფრასტრუქტურას, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებს? რამდენი ნავთობმზიდი ტანკერი და გაზმზიდია განადგურებული და კიდევ რამდენი ჩაიძირება?
• ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხე იარსებებს მანამ, სანამ არსებობს ისრაელის ამჟამინდელი ლიდერი თავისი პოლიტიკით, ან სანამ არსებობენ ირანი, ლიბია და ახლო აღმოსავლეთის სხვა მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ისრაელის მიმართ. ისრაელი, აშშ-ის დახმარებითაც კი, 2023 წლიდან ვერ ახერხებს საბოლოოდ გაანადგუროს ორგანიზაცია „ჰამასი“, რომლის რიცხოვნობაც თავდაპირველად 40 ათას მებრძოლს არ აღემატებოდა, და ეს - მიუხედავად ათობით სახმელეთო და საჰაერო ოპერაციისა, რომლებისგანაც ბეტონი დნებოდა. მით უმეტეს არარეალურია 94 მილიონიანი მოსახლეობის და მრავალმილიონიანი შეიარაღებული ძალების (რეზერვთან ერთად – 12 მილიონი) მქონე ირანის განადგურება. სპარსეთის ყურიდან აშშ-ის წასვლის შემდეგ, ისრაელი სრულიად მარტო დარჩება.
P.S.
საეჭვოა, 2022 წლის თებერვალში ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომის თავიდან აცილება მოეხერხებინა. თუ ვინმე იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას, ეს არის აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ამერიკული კონტინგენტი ავღანეთიდან გაიყვანა! თუმცა მოხუც ბაიდენს ხშირად ეძინებოდა და მასსაც ჰყავდა თავისი „ვირთხები“, რომლებმაც საქართველოს და მისი ამჟამინდელი ხელისფლების მიმართ მტრულ პოლიტიკას აწარმოებდნენ.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 13 თებერვალი
საქართველო, თბილისი