აქტუალური
სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გამოცხადდა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების დამატებითი ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.

ანალოგიური ბრძანებები ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის სექტემბერსა და მაისში, ასევე 2024 წელსაც აქვს გამოცემული და მათი მეშვეობით პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მიწების სახელმწიფოსთვის იძულების წესით გამოისყიდეს.

ახალი ბრძანების თანახმად, 1 737 კვადრატული მეტრის და 1 457 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთების იძულებით გამოსყიდვა მოხდება.

კანონის მიხედვით, ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე. თუ მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება.

ცნობისთვის, სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4).

პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4-ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს.

პროექტთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა, თუმცა 2026 წლის თებერვალში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაბალი კონკურენციის გამო ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

bm.ge