უცხოეთი
ირანული მედია თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის დაღუპვას ადასტურებს

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აბდოლრაჰიმ მუსავი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გასული წლის ივნისში 12-დღიანი კონფლიქტის დროს მისი წინამორბედის დაღუპვის შემდეგ ხელმძღვანელობდა, შაბათის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

სააგენტოს ცნობით, ლიკვიდირებულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც.

მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის: ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა.

interpressnews.ge