უცხოეთი
კაია კალასი - გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის საქართველოდან

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის საქართველოდან, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

კალასს კითხვა დაუსვეს რადიო „თავისუფლების“ მასალაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა წევრ ქვეყნებს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის დათმობებს ეხება, ასევე დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც.

კალასის თქმით, რუსეთს ოკუპირებული აქვს ბევრი ტერიტორია და მათი სამხედრო ძალები არიან სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში.

„ცხადია, მკაფიო იქნებოდა, რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის მათ გაეყვანათ ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არ არის რეალისტური, მაგრამ მოდით, გულწრფელები ვიყოთ, რუსეთის მხრიდან მოთხოვნები საერთოდ არ არის რეალისტური. ისინი ითხოვენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ დაუპყრიათ და ამის მიღწევა სურთ დიპლომატიური გზებით. ამიტომ საჭიროა მოლაპარაკებებში შექმნილი ვითარების დაბალანსება და ფოკუსის გადატანა იმ პრობლემაზე, რომ რუსეთი თავის მეზობლებზე თავდასხმებს აგრძელებს“, – განაცხადა კალასმა.

1tv.ge