საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში მიწვევას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალება მოგვცა, მათ შორის, იმ შეხვედრებმა, რომლებიც გაიმართა მილანის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, გასაუბრებას ვგულისხმობ, ერთი მხრივ, ჩვენს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და, მეორე მხრივ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს. რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებებიც, საპარლამენტო ფორმატიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან“, – აღნიშნა პრემიერმა.