საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. მთავრობამ შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ეფუძნება, ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა.
თუმცა, დადგენილების მიხედვით, დაწესდა გარდამავალი პერიოდი - უკვე თვითდასაქმებულ უცხოელებზე რეგულაცია 2026 წლის 1 მაისიდან დაიწყებს მოქმედებას. აქტიური რეგისტრაციის მქონე შრომითმა იმიგრანტებმა კი, 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
ახალი რეგულაცია დეტალურად განსაზღვრავს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ როგორც დამსაქმებლებს, ისე საქართველოში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
წესი ეხება უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა და სურთ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობა (მათ შორის დისტანციურად) ან თვითდასაქმება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
შრომითი საქმიანობის უფლებას გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
ვაკანსიის განთავსება: დამსაქმებელი ვალდებულია, უცხოელის აყვანამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე ვაკანსია worknet.moh.gov.ge-ზე განათავსოს.
ადგილობრივი კადრის პრიორიტეტი: თუ სააგენტო 10 დღეში ვერ იპოვის შესაბამის ადგილობრივ კადრს, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დამსაქმებელს მიმართოს სააგენტოს უცხოელზე უფლების მისაღებად.
თვითდასაქმებულები: ისინი პირდაპირ მიმართავენ სააგენტოს, რის შემდეგაც სავალდებულო ვიდეოგასაუბრებას გადიან.
სააგენტო ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულებისგან ათავისუფლებს:
საერთაშორისო კომპანიებს და ინოვაციურ სტარტაპებს;
საერთაშორისო ექსპერტებს განათლების სფეროში;
პოზიციებს, სადაც ხელფასი 15 000 ლარზე მეტია (დარიცხული) და მოითხოვს უმაღლეს განათლებას.
შრომითი საქმიანობის უფლება, როგორც წესი, გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. პირველი ხუთი წლის განმავლობაში მისი გაგრძელება შესაძლებელია ყოველ ჯერზე არაუმეტეს 1 წლით, ხოლო 5 წლის უწყვეტი ვადის შემდეგ – 1-დან 5 წლამდე პერიოდით.
IT სფეროში დასაქმებულებისთვის უფლება პირველად შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 3 წლით და შემდგომ გაგრძელდეს ასევე არაუმეტეს 3-წლიანი პერიოდებით.
მომსახურება ფასიანია:
30 კალენდარულ დღეში გაცემის შემთხვევაში – 200 ლარი;
10 სამუშაო დღეში დაჩქარებული წესით – 400 ლარი;
ვადის გაგრძელება – 200 ლარი.
შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში საფასურს იხდის დამსაქმებელი, თვითდასაქმებულის შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს. თუ აღმოჩნდება, რომ უცხოელი სხვა პოზიციაზე მუშაობს ან საერთოდ არ საქმიანობს მითითებულ ადგილას, მას უფლება შეუწყდება. დარღვევებზე რეაგირებას შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენენ.
თვითდასაქმებულებისთვის: ვინც უკვე საქმიანობს საქართველოში, აღსრულების მექანიზმები მათ მიმართ 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.
უკვე რეგისტრირებული იმიგრანტებისთვის: მათ, ვისაც 2026 წლის 1 მარტისთვის აქტიური სტატუსი აქვთ ბაზაში, უფლებისა და ბინადრობის მოსაპოვებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ.
ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს 5 კალენდარული დღის ვადაში. შეწყვეტის საფუძვლებია ხელშეკრულების ვადის ამოწურვა, არასამუშაო პოზიციაზე დასაქმება, ვიზისა და ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლა, უარყოფითი გადაწყვეტილება ვიზისა ან ნებართვის გაცემაზე, უცხოელის გაძევების გადაწყვეტილება ან 6 თვეზე მეტი ქვეყნის დატოვება.
სააგენტო ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში უგზავნის ინფორმაციას დამსაქმებელსა და უცხოელს, ხოლო D1 კატეგორიის ვიზის შემთხვევაში ინფორმაციას 2 სამუშაო დღეში გადასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
დასაქმებულმა შრომითი იმიგრანტმა ან თვითდასაქმებულმა უცხოელმა, სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართოს სააგენტოს ვადის გაგრძელებისთვის, არაუგვიანეს ვადის ამოწურვიდან 30 კალენდარული დღით ადრე. განაცხადის დროს უნდა განახლდეს ყველა შესაბამისი ინფორმაცია. სააგენტო გადაწყვეტილებას ელექტრონულად აცნობებს 30 კალენდარული დღისთვის.
თუ შრომითი იმიგრანტი ჯერ არ იმყოფება საქართველოში, ის უნდა მიმართოს საელჩოს D1 ვიზის მისაღებად 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ უკვე იმყოფება ქვეყანაში, უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT სფეროში დასაქმების ნებართვის მისაღებად 10 კალენდარული დღის ვადაში. ეს ვალდებულება არ ვრცელდება, თუ პირი უკვე ფლობს შესაბამის ბინადრობის ნებართვას ან საქმიანობას დისტანციურად ახორციელებს.
რეგულაციები არ ვრცელდება:
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე;
თავშესაფრის მაძიებლებზე;
დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე;
აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებზე;
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე.