საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.1 პროცენტით გაიზარდა და 312.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი 64.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი 49.3 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი 34.8 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 56.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 51.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 24.0 მლნ. აშშ დოლარით.