პოლიტიკა
ქვრივიშვილმა სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრთან საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი განიხილა

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთში საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრისას განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან, საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სფეროში. საუბარი წარიმართა ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებითაც, რომელიც ხელს შეუწყობს გადაცემის გამტარუნარიანობის ზრდას, სისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებას და ორმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას. ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის ურთიერთდაკავშირებული ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთში საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოს სომხეთში დენის ექსპორტი მცირე მოცულობის მხოლოდ 52 მლნ კვტ.სთ იყო.

2025 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის გაძლიერებაში 500 მლნ ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.

"ტაშკენტში ვიზიტისას ხელი მოვაწერეთ კავკასიის გადამცემი ქსელის პროექტს [The Caucasus Transmission Network project]. მისი ღირებულება 500 მილიონია. ჩვენ მსგავს დიდ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებით დაკავშირებას ეხება, ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამჯერად ასეთი გერმანული ბანკი KfW-ია. ეს არის პროექტი, რომლითაც თქვენი გადამცემი ხაზი საქართველოსას დაუკავშირდება, ასევე ჩვენ ვმუშაობთ გადამცემ ხაზზე სომხეთსა და თურქეთს შორის. რატომ? იმიტომ, რომ ნაკლებად იყოთ დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე", - განუცხადა კოსმა სომხურ მედიას.

Armenpress-ის ინფორმაციით, The Caucasus Transmission Network პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გატარებას. ქსელმა სომხეთის ელექტროენერგიით ვაჭრობის პოტენციალი უნდა გაზარდონ განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის.