აქტუალური
იანვარში, ადგილობრივი ექსპორტი $312.8 მლნ-მდე გაიზარდა

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. იანვარში, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტი 68.1%-ით 312.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 65.1%-ია. ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ კი, 480.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდულმა მატებამ განაპირობა. 2026 წლის პირველ თვეში საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56 მილიონ 180 ათასი დოლარი შეადგინა. ეს კი ადგილობრივი ექსპორტის 18%-ია.

ზრდა ფიქსირდება ასევე ძვირფასი მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტში; კლებაა ღვინის და მინერალური წყლების გაყიდვებში.

2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5% შეადგინა. ამ მხრივ, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი დაწინაურდა და მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 20.5%-იანი წილით და 64.1 მლნ დოლარის ექსპორტით პირველი ადგილი დაიკავა. ზრდა 294.7%-ია.

ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდულად გაზრდილია სინგაპურში.