აქტუალური
იანვარში ელექტროენერგიის იმპორტში $22.5 მლნ გადავიხადეთ - ზრდა 157%-ია

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, იანვარში ქვეყანამ ჯამში 576 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაშიც თითქმის 22.5 მლნ დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვართან შედარებით, დენის იმპორტში 157%-ით მეტია გადახდილი, რადგან გასული წლის იანვარში მხოლოდ 8.7 მლნ დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო.

იმპორტის გაძვირების მიზეზი თურქეთია. 2026 წლის იანვარში საქართველომ თურქეთიდან, რომელიც პირიქით ქვეყნისთვის დენის მთავარი საექსპორტო ბაზარია, უჩვეულოდ დიდი მოცულობის 119 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაშიც 10 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ კილოვატ საათზე ელექტროენერგიის საშუალო ფასი დაახლოებით 8.6 ცენტი იყო.

რუსეთიდან იმპორტის მოცულობა იანვარში 389 მლნ კვტ.სთ შეადგინა. რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთზეც ნაწილდება, რომელსაც რეგიონი სპეციალურ ფასად იღებს, რაც რუსეთიდან იმპორტირებული დენის საშუალო ფასს ამცირებს. აღსანიშნავია, რომ იანვარში თითქმის არ ყოფილა იმპორტი აზერბაიჯანიდან, ხოლო სომხეთიდან მცირე მოცულობის 64 მლნ კვტ.სთ იყო. რატომ დასჭირდა ქვეყანას თურქეთიდან დენის იმპორტი, უცნობია. BMG-ის მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფო ელექტროსისტემაში და ესკოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც წესი, თურქეთიდან ელექტროენერგიას თითქმის არ ვყიდულობთ და პირიქით ის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ შარშან თურქეთიდან იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში იყო და ისიც 40.5 მლნ კვტ.სთ იყო.