საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათი გამოკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ სუს-ში დასმული კითხვები შეეხებოდა საქართველოს "სტაბილურად გაზმომარაგების" საკითხს და ასევე, როგორ ეხმარება საქართველო ევროპას გაზით მომარაგებაში.
ყოფილი ვიცე-პრემიერის თქმით, სუს-ში "ლოგიკური კითხვები" დაუსვეს.
"ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად.
ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც განვიხილეთ.
ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სუსიდან გამოსვლის შემდეგ, მაგრამ ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვებს არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი. ჯერჯერობით, მისი კომენტარი არ გავრცელებულა.
თავად სუს-ში კი განაცხადეს, რომ ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი "ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან".
მართალია, ლევან დავითაშვილს ნავთობკომპანია არ დაუსახელებია, მაგრამ შესაძლებელია, საქმე ეხებოდეს "სოკართან" თანამშრომლობას.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების 2024 წლის ერთიანი ანგარიშის თანახმად, "საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანს - შეასრულოს ევროკავშირთან 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული შეთანხმებები, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას ევროკავშირისთვის წელიწადში მინიმუმ 20 მლრდ. მ3-მდე 2027 წლისთვის (2021 წელს 8,1 მლრდ. მ 3 იყო).
„ქართული მხარე დათანხმდა “სოკარის“ თხოვნას, საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილი დროებით ყაზახი-საგურამოს გაზსადენით მიიღოს და სკმ-ში გამოთავისუფლებული სიმძლავრე ევროკავშირისათვის განკუთვნილი გაზის მიწოდებისათვის გამოიყენოს. შედეგად, ევროპისთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებით დაახლოებით 1,1 მლრდ. მ 3 აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი“, - წერია ანგარიშში.
BMG-ის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაშიც საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილს ყაზახი-საგურამოს გაზსადენით იღებს, თუმცა აზერბაიჯან-საქართველოს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან გაზის მიღება ვერ მოხერხდება, [ავარიის ან სხვა მიზეზით] საქართველოს აქვს უფლება, კუთვნილი ბუნებრივი აირი ისევ სამხრეთკავკასიური გაზსადენით მიიღოს.